ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს და მათი საქმიანობის გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამავე დროს, შრომის უფლებების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე პასუხობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი bm.ge-ის მიერ დასმულ კითხვას, რომელიც ბიზნესის მხრიდან სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალში სტუმარმასპინძლობის, სამშენებლო და რიტეილ სექტორების დაბრუნების ინიციატივას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ ბიზნესი უკვე ერთი წელია ძველ რეჟიმზე დაბრუნებას ითხოვს. გასულ კვირაში გამართული ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე BAG-მა კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი, რომ საცალო გაყიდვების, ჰორეკა და სამშენებლო სექტორში 48-საათიანი სამუშაო კვირა უნდა დაბრუნდეს. BM.GE დაინტერესდა, თუ რა ცვლილებას გეგმავს მთავრობა ამ მიმართულებით:

"აქ ორი საკითხი იყო, ერთი რომ დაწესდეს 48-საათიანი სამუშაო გრაფიკი, ან დაბრუნდეს რამდენიმე სექტორში, და მეორე იყო პროცედურული საკითხების გამარტივება, ზეგანაკვეთური მუშაობის შემთხვევაში უნდა მოხდეს პროცედურების გამარტივება და თუ დასაქმებული თანახმაა, მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება, უბრალოდ ბიზნესისთვის მოხდეს პროცედურების გამარტივება და ბიზნესს არ ჰქონდეს პრობლემა შრომის კანონმდებლობის დარღვევასთან დაკავშირებით. ეს ორი ოფციაა განსახილველი. ბიზნეს ასოციაციამ დასვა ეს საკითხები. ჩვენ გვყავს შრომის და ჯანმრთელობის დაცვის ახალი მინისტრი. არის გადაწყვეტილება, რომ სამინისტრო განიხილავს ამ ორ საკითხს და აისახება ერთი ან მეორე ვერსია აისახება კანონმდებლობაში", - თქვა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება იურისტების პოზიციას იმის შესახებ, რომ ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების საკითხი გაცილებით მარტივად, მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანით შეიძლება დარეგულირდეს, განსხვავებით სექტორების დაბრუნებით კანონში, ლევან დავითაშვილი პასუხობს: "ერთია რა არის მარტივი და მეორეა, რა არის უფრო სამართლიანი. ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესს და მათი საქმიანობის გამარტივება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, ეს არის სამინისტროს მიმართულება და პრიორიტეტი, თუმცა ამავე დროს, შრომის უფლებების დაცვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთ ტექნიკური გადაწყვეტილება იყოს, შესაძლოა, უფრო სამართლიანი იყოს საკანონმდებლო ცვლილებებით სვლა. ძალიან მნიშვნელოვანია შევჯერდეთ შრომის პოლიტიკის განმსაზღვრელ უწყებასთან ერთად და ამის შემდეგ ავსახოთ პოლიტიკაში ეს გადაწყვეტილება".

შეგახსენებთ, გასული წლის იანვრიდან, მთავრობამ შეამცირა სპეციფიკური სამუშაოების ჩამონათვალი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ დარგებში დასაქმებულებმა, კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე უნდა მიიღონ ზეგანაკვეთური ანაზღაურება.

სიიდან დადგენილებით საერთო ჯამში 15 დარგია ამოღებული. მაგალითად, ეს შეეხო სამკერვალოებს, რესტორნებში დასაქმებულ პერსონალს, სასტუმროებს, სუპერმარკეტების კონსულტანტებს და ა.შ.

bm.ge