მსხვილი ბიზნესების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, გვაძლევს იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა გახდა კონიუნქტურული. ანუ, სახელმწიფო და სამთავრობო კონიუნქტურაზე ჩამოკიდებული. ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ ბიზნესმენების მხრიდან მმართველი პარტიის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

ლევან კობერიძის თქმით, მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი ჩამოკიდებულია სახელმწიფოს კეთილგანწყობაზე, რადგან  ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს მთავრობასთან გარიგებებით. მისი შეფასებით, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში ოლიგოპოლია უფრო და უფრო ძლიერდება.

„ბიზნესი, წესით, არის ძალიან თვითკმარი სუბიექტი, მისი მფლობელები, როგორც სუბიექტი სწორედ იმით უნდა ხასიათდებოდეს, რომ სახელმწიფოსგან პოლიტიკური გავლენა ნაკლებად უნდა აისახებოდეს მათზე და იყოს ორიენტირებული მომხმარებლების დაკმაყოფილებაზე.

მსხვილი ბიზნესის უდიდესი ნაწილი ჩამოკიდებულია სახელმწიფოს კეთილგანწყობაზე და მთავრობების კეთილგანწყობაზე. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ძალიან დიდ სარგებელს ნახულობს მთავრობასთან ურთიერთობით და გარიგებებით. იქნება ეს სახელმწიფო აქტივების გადმოცემა, მიწები, თუ სხვა რაიმე აქტივები, ნებართვები, სახელმწიფო ტენდერები და ა.შ.  როგორც ჩანს,  ეს მათთვის გახდა შემოსავლის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო და ეს მათ აიძულებს, რომ ამის გამო პოლიტიკურად მაამებლური განცხადებები აკეთონ, მთავრობების მიმართ.

სწორედ, ოლიგოპოლიურ ბაზრებს ახასიათებთ მსგავსი ტიპის რეაქციები მთავრობასთან მიმართებით. ეს სწორედ იმის მანიშნებელია, რომ საქართველოში ოლიგოპოლია უფრო და უფრო ძლიერდება და კონკურენციის ნაკლებობაა,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლებების ცვლილებების დროს მსგავს მსხვილ ბიზნესებს ახალ კონიუნქტურაზე მორგება ძვირი უჯდებათ

„მინდა მსხვილ ბიზნესს შევახსენო, რომ ხელისუფლებების ცვლილებების დროს, მათი ადაპტაციის დროს, ანუ, ახალ კონიუნქტურაზე მორგება, რა ფასიც უჯდებათ, გაცილებით ძვირია, ვიდრე საზოგადოების პატივისცემა და საზოგადოებაში სწორი ტენდენციების და პრინციპული პოზიციის და მართლა ბიზნეს პოზიციის შენარჩუნება.

ხელისუფლების ცვლილების დროს ეს კონიუნქტურული ბიზნესი ნაჩვევია, რომ ახალი პატრონი იპოვოს. ერთი პატრონისგან მეორე პატრონს გადაებაროს. ეს ადამიანები და ეს ბიზნესები, ნაციონალური მოძრაობის დროს, პირიქით, მაამებლური განცხადებებით გამოირჩეოდნენ , იგივე ტონალობაში. იგივეს აკეთებენ ახლა და იგივეს გააკეთებენ მომავალშიც.  ასეთ განცხადებებს, ჯობია საერთოდ არ გააკეთონ განცხადებები. მიხედონ თავიანთ ბიზნესს. თუ კონკრეტული მთავრობის მხარდაჭერის გარეშე თავიანთი ბიზნესის მიხედვა არ შეუძლიათ, მაშინ ისინი საქმიანობას იმ მთავრობასთან ერთად უნდა ამთავრებდნენ.“- აღნიშნა ლევან კობერიძემ.

მისი თქმით,  ნებისმიერ ქვეყანაში ბიზნესს აქვს საკმაოდ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თითოეული ბიზნესმენი და კომპანია უნდა დაუფიქრდეს იმას, თუ მათი მთავრობისადმი მაამებლური განცხადება, რა მორალურ სტანდარტებს ამკვიდრებს საზოგადოებაში.

„როცა მოსახლეობა ხედავს, რომ შეძლებული ბიზნესი და ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ჩანან ხოლმე მათ შორის ტელეეკრანებზე და წარმოადგენენ მსხვილ ბიზნესს, მოდრეკით ელაპარაკებიან მთავრობებს, მათ ძალიან დიდი ნიჰილიზმის განცდა უჩნდებათ, რომ თუ კი ისეთი ადამიანები, რომლებსაც არ უჭირთ ცხოვრება, მსგავსი საქციელით გამოირჩევიან, მაშინ საზოგადოებამ, რომელიც შეჭირვებულია, რაღა ქნას? იმან როგორღა გაუძლოს მაგ. არასწორ მთავრობებს, რომლებიც დროთა განმავლობაში ყალიბდება ქვეყანაში. ისინი მორალური სტანდარტის გაუარესებას ახდენენ ქვეყანაში, მსგავსი ტიპის განცხადებებით,“- განაცხადა ლევან კობერიძემ.