კომუნიკაციების კომისიის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.16 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 43.7 ათასი აბონენტით მეტია. აქედან ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობა 3.9%-ით, ხოლო იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა 4.2%-ით არის გაზრდილი.

ანგარიშის მიხედვით, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, აბონენტების რაოდენობის წლიური ზრდის საშუალო ტემპმა, ფიზიკური აბონენტებისთვის - 4.5%, ხოლო იურიდიული პირი აბონენტებისთვის - 5.9% შეადგინა.საგულისხმოა, რომ 2024 წელს, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობამ 1.1 მილიონი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 41.4 ათასი აბონენტით მეტია. შესაბამისად, გაიზარდა ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების სიმკვრივეც შინამეურნეობებში და 99.4% შეადგინა.  

კომპანიების მიხედვით, 2024 წელს, ფიზიკური პირი აბონენტების რაოდენობის ყველაზე დიდი წილი კვლავ „მაგთიკომზე“ მოდიოდა და 518 ათასს შეადგენდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 10 ათასი აბონენტით მეტი იყო. „სილქნეტის“ შემთხვევაში კი, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს, 19 ათასი აბონენტით გაიზარდა და  341 ათასი შეადგინა. „ახალი ქსელების ჯგუფს“ 2023 წლის მსგავსად, 2024 წელსაც 64 ათასი აბონენტი ჰყავდა. 64 ათასი აბონენტი ჰყავდა „სქაიტელსაც“, თუმცა, ამ შემთხვევაში, აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით 6 ათასით მეტი იყო.რაც შეეხება ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის იურიდიული პირი აბონენტების განაწილებას კომპანიების მიხედვით, ამ შემთხვევაში აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა - 24 ათასი „სილქნეტს“ ჰყავდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით ათასით არის გაზრდილი. უცვლელი დარჩა „მაგთიკომის“ იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა და კვლავ 16 ათასი შეადგინა.

ასევე, არ შეცვლილა „სქაიტელისა“ და „ახალი ქსელების ჯგუფის“ აბონენტების რაოდენობა და „სქაიტელს“ კვლავ 6 ათასი, ხოლო „ახალი ქსელების ჯგუფს“ – 3 ათასი აბონენტი დარჩა.მნიშვნელოვანია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტების რაოდენობა ზრდას განაგრძობს და ჯამურად მისი წლიური ზრდის ტემპი 5.8%-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, აღნიშნული ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა 4.7%-ით - 46 ათასი აბონენტით გაიზარდა და  1,043,000-ს გაუტოლდა. საგულისხმოა, რომ 2024 წელს, ისევე, როგორც 2023 წელს, მხოლოდ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობა გაიზარდა წინა წლებთან შედარებით, რისი მიზეზიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის ინტერნეტ მომსახურების ქსელის განვითარება და შესაბამისად, მისი ხელმისაწვდომობის ზრდაა.აბონენტების მიხედვით, მეორე ადგილი ფიქსირებულ უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიას უჭირავს, რომლის აბონენტების რაოდენობაც, 2023 წელთან შედარებით, 2 ათასით შემცირდა და 97 ათასი შეადგინა. ასევე დაიკლო xDSL ტექნოლოგიის აბონენტების რაოდენობამაც, რომელსაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი აბონენტით ნაკლები მოიხმარს და სულ 12 ათასი მომხმარებელი ჰყავს. ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ LTE ტექნოლოგიას, მისი აბონენტების რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 4 ათასს შეადგენს.

აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგია აბონენტებს სთავაზობს უფრო სწრაფ ინტერნეტს, უფრო დიდ გამტარობასა და დაბალ დაყოვნებას, შესაბამისად ავტორიზებული პირები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ მოძველებული და შეზღუდული ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ტექნოლოგია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიით ჩაანაცვლონ. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წლიდან, Starlink-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შედეგად, ქვეყანაში ხელმისაწვდომი გახდა სატელიტური ტექნოლოგია, რის შემდეგაც, 2023 წელთან შედარებით, მისი აბონენტების რაოდენობა 1869-ით გაიზარდა და 2360 შეადგინა.

ინფორმაციას ComCom-ი ავრცელებს.