დღეს, 27 მაისს, Air Astana-მ ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრები ჩამოიყვანა. Airbus 320 ტიპის თვითფრინავით ყაზახეთიდან საქართველოში 125 მგზავრი ჩამოფრინდა.

ყაზახეთის ქალაქი ატირაუ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი მიმართულებაა. ატირაუ-თბილისი-ატირაუს საჰაერო ხაზზე Air Astana კვირაში სამჯერ, ყოველ სამშაბათს, პარასკევსა და კვირას იფრენს.

ამასთანავე, Air Astana 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ოთხჯერ ასრულებს ავიარეისებს ქალაქ ასტანის მიმართულებით და კვირაში 10-ჯერ ქალაქ ალმათის მიმართულებით.

ასევე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე Air Astana კვირაში ხუთჯერ სიხშირით ავიარეისებს ასრულებს ალმათიდან  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც.

ქალაქი ატირაუ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ქალაქია ყაზახეთში, რომელიც კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით.  ატირაუს საერთაშორისო აეროპორტი ქალაქიდან 8 კმ-ით არის დაშორებული და უზრუნველყოფს როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ფრენებს, მათ შორის ევროპის მიმართულებითაც.

ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.