ქართული ფეხბურთის განვითარების პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კლუბები და ფეხბურთის ფედერაცია პროექტს ადგენენ. შემუშავებული წინადადებები სპორტის სამინისტროსა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს სავარაუდოდ ერთ თვეში წარედგინება. რა იქნება 5 წლიანი პროექტის მთავარი ამოცანები და მიზნები? თემაზე ,,კომერსანტი“ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს გიორგი კალანდაძეს ესაუბრა.
,,გეგმაზე ფედერაცია კლუბებთან ერთად მუშაობს. სავარაუდოდ, ერთ თვეში ფონდსა და სპორტის სამინისტროს გაგვიზიარებენ მათ პროექტს. შემდეგ ვიმსჯელებთ რა შეიძლება გაკეთდეს და რა არ შეიშლება გაკეთდეს. შემდეგ წარვადგენთ მთავრობაზე. პროცესი უნდა დასრულდეს წლის ბოლომდე და შესაბამისად, 2026 წლის ბიუჯეტში უკვე უნდა იყოს გათვალისწინებული.’’- აცხადებს გიორგი კალანდაძე.
ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროექტის მიზანი ქართული ფეხბურთის განვითარებაა. პროექტი ითვალისწინებს დაფინანსების გაზრდას როგორც ეროვნული ჩემპიონატისთვის, ასევე კლუბებისთვის. მიზანია სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის ხელშეწყობაც. გიორგი კალანდაძე ამ ეტაპზე ვერ ასახელებს კონკრეტული თანხას თუ რა ოდენობით დაფინანსდებიან კლუბები, თუმცა განმარტავს, რომ მოსალოდნელია დაფინანსების ზრდა ლიგების მიხედვით.
,,პროგრამის მიზანია ქართული ფეხბურთის განვითარება. ძირითადი მიმართულებები იქნება ეროვნული ჩემპიონატის დაფინანსება. ასევე კლუბების დაფინანსება და მასობრივი ფეხბურთის განვითარება და ხელშეწყობა. მასობრივ ფეხბურთში ბევრნაირი ფეხბურთი მოიაზრება. (აქ არის ორი ტიპის სამოყვარულო ფეხბურთი. ერთია 11-11-ზე და მეორე 7-7-ზე.) ძირითადი მიმართულებები იქნება ასევე ფუტსალი, ქალთა ფეხბურთი, განათლების კურსები, რეგიონალური ტურნირები, ბავშვთა სკოლების დაფინანსება კატეგორიზაციის მიხედვით და სხვა. ფეხბურთის ფონდის შექმნის შემდეგ, 2016 წლიდან ერთნაირად ვაფინანსებთ კლუბებს ლიგების მიხედვით. გამორჩევა არ ხდება და ყველა თანაბარ მდგომარეობაშია. შესაბამისად, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ერთნაირად დაფინანსდებიან, უბრალოდ დაფინანსების მოცულობა ამ ეტაპზე არ ვიცით. სავარაუდოდ, იქნება ზრდა. ლიგის მიხედვით ყველა კლუბი ერთნაირად დაფინანსდება. ჯერჯერობით ვერ ვამბობთ თანხას, რადგან არ არის გარკვეული ოდენობა.’’- განმარტავს გიორგი კალანდაძე.
პროექტი 5 წელზე იქნება გათვლილი. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 5 წლის შემდეგ ქვეყანაში ფეხბურთის ხარისხი და სპორტსმენების დონე აწეული იქნება. გიორგი კალანდაძე განმარტავს, რომ სპორტში შედეგების მიღება მოკლე პერიოდში ვერ მოხდება და ამისთვის 5-10 წლიანი მუშაობაა საჭირო.
,,ჩვენი მიზანია, რომ 5 წლის შემდეგ ფეხბურთის დონემ აიწიოს. პროგრამაში ასე არ იწერება შედეგი რა უნდა გვქონდეს, თუმცა უკეთესი ვითარება უნდა გვქონდეს, ვიდრე მანამდე გვქონდა. დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი გამოიწვია. უფრო მეტი ბავშვია ჩართული ფეხბურთში. რაც მეტი ბავშვი იქნება ჩართული, მით უფრო მეტი და უკეთესი შედეგი გვექნება მომავალში. ეს არ იქნება 1 და 2 წელში გამოსახული. ეს შეიძლება 5-10 წლის შემდეგ გამოჩნდეს, რადგან 6 წლის ბავშვი ახლა რომ თამაშობს ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშს 18 წლიდან იწყებს. ერთწლიანი გეგმა არ უნდა იყოს და არც იქნება.’’- აცხადებს გიორგი კალანდაძე.