ცხოვრების ჯანსაღი წესის გლობალური ინდუსტრიის ბრუნვამ 2 ტრილიონ დოლარს მიაღწია.
ბიზნესის საკონსულტაციო კომპანია mckinsey-ს მონაცემებით, ამ სფეროს მთავარი მამოძრავებელი ძალა ახალგაზრდობაა, თუმცა უფროსი თაობის წარმომადგენლები ასევე დიდ ინტერესს იჩენენ „ჯანმრთელობის“ ცნების გაფართოების მიმართ.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მომავლის კეთილდღეობის ცნება გულისხმობს 6 განზომილებას - ესაა ჯანმრთელობა, ძილი, კვება, ფიტნესი, გარეგნობა და და გაცნობიერებულობა. ჩინეთში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში 9 ათასზე მეტი ადამიანის გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები კეთილდღეობას ახლებურად აღიქვამენ.
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დღეს მომხმარებლებისთვის, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია. არსებული შეფასებებით, მხოლოდ აშშ-ში ამ სფეროში გაღებული დანახარჯები 500 მილოიარდ დოლარს აჭარბებს და წლიურად 4-5%-ით იზრდება.
ამასთან, აშშ-ში მომხმარებლების 84% ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას „მთავარ“ ამ „მნიშვნელოვან“ პრიორიტეტად მიიჩნევს. დიდ ბრიტანეთში ეს მაჩვენებელი 79%-ია, ჩინეთში - 94%.
ჯანმრთელობას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ახალგაზრდა თაობა. აშშ-ში, თაობა Z-ის (1997-დან 2012 წლამდე პერიოდში დაბადებულები)-ს წარმომადგენელთა და მილენიალების (1981-დან 1996 წლებში დაბადებულები) 30% აცხადებს, რომ ჯანმრთელობას გაცილებით მეტ დროს უთმობენ, ვიდრე ამას წინა წელს აკეთებდნენ. უფროს თაობაში ეს მაჩვენებელი 23%-მდეა.
სპეციალისტების შეფასებით, ეს შესაძლოა, რამდენიმე ფაქტორს უავშირდებოდეს: ახალგაზრდები „გადაწვის“ უფრო მაღალ დონესა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ უფროს თაობასთან შედარებით, თუმცა მათ უფრო ხშირად აქვთ შეხება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კონტენტთან სოციალურ ქსელებში.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პრიორიტეტულობა ხარჯების ზრდასაც იწვევს. მართალია, ზრდის ყველაზე დიდი წილი ახალგაზრდებზე მოდის, თუმცა საკმაოდ სოლიდურია ხანდაზმული თაობის ხარჯებიც, განსაკუთრებით განვითარებად ბაზრებზე, სადაც მოსახლეობის დაბერება მიმდინარეობს.
აშშ-ში მცხოვრები ახალგაზრდები წინა თაობებზე უფრო ხშირად აღნიშნავენ, რომ „პრაქტიკულად მუდმივ სტრესს“ განიცდიან, რის გამოც უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფსიქიკური ჯანმრთელობის არსებული სერვისებით.
ამასთან, კვლევამ აჩვენა, რომ არსებობს განსხვავება ახალგაზრდა და ხანდაზმული მომხმარებლების ხარჯებს შორის ჯანმრთელობისა და სილამაზის პროდუქციაზე.
კერძოდ, პირველადი მოხმარების საგნების (მაგალითად, პირის ღრუს მოვლის, გაციების საწინააღმდეგო, ჰიგიენის საშუალებები და ა.შ.) შეძენის კუთხით ყველა თაობის ქცევა მსგავსია, თუმცა, ამის მიღმა, ახალგაზრდა მომხმარებლების მისწრაფებები განსხვავებულია: ისინი უფრო ხშირად ყიდულობენ ჯანმრთელობის მონიტორინგის სისტემებს, მასაჟის ინსტრუმენტებს, მოიხმარენ სხვადასხვა აპლიკაციას. ისინი მეტად არიან გახსნილები ექსპერიმენტებისთვის და დაინტერესებულნი არიან ციფრული სისტემების დატესტვით. ხანდაზმული მოსახლეობა კი ზედმეტად დიდ ყურადღებას ანიჭებს ისეთი პროდუქციის შეძენას, როგორიცაა ვიტამინები, ანალგეტიკები, თვალის მოვლის საშუალებები და ა.შ.
კვლევის შედეგების მიხედვით, ანალიტიკოსები ჯანსაღი ცხოვრების სფეროს კომპანიებს რამდენიმე რეკომენდაციებს აძლევენ.
ამ რეკომენდაციებიდან მთავარი რჩევები ასეთია:
შექმენით კომპლექსური შეთავაზებები და გააერთიანეთ პროდუქტები, სერვისები და ციფრული ინსტრუმენტები, რათა მომხმარებლებს გაჯანსაღებასთან დაკავშირებული კომპლექსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ. მაგალითად, კომპანიებს შეუძლიათ შესთავაზონ მომხმარებლებს ჯანსაღი კვების რჩევები და დიეტოლოგების კონსულაციები რეალურ დროში.
კომპანიებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ ის, რომ მომხმარებლები ისწრაფვიან ისეთი პროდუქტებისა და ბრენდებისკენ, რომელთა სარგებელიც მეცნიერულადაა დადასტურებული.