„ყველა კომპანია ვალდებულია, რომ გადაზიდვებით დაკავებულ მძღოლებს ყოველწლიურად თავის ხარჯებით სამედიცინო შემოწმება ჩაუტაროს, ხარისხიანად გამოიკვლიოს რამდენად აქვთ მათ ფსიქიკური და ფიზიკური უნარები იმისათვის, რომ ასეთი რთული ტექნიკა მართონ“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ნიჟარაძემ განაცხადა. მისი თქმით, სატვირთო ავტოტრანსპორტისა და მძიმე ტექნიკის მძღოლების მდგომარეობის გარდა, უბედური შემთხვევების მიზეზი ტექინსპექტირებაა, რომელიც ხორციელდება, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად ხარისხიანად ახორციელებს სახელმწიფო ამ ყველაფრის კონტროლს.
ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით მძიმე ტექნიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და მისი კონტროლის მექანიზმებზე „კომერსანტი“ შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, შოთა ნიჟარაძეს ესაუბრა.
რამდენიმე დღის წინ თბილისში სატვირთო დაგორდა და 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა. რამდენად უსაფრთხოა მძიმე ტექნიკა, რომელიც ქალაქში გადაადგილება და რა ხდება უბედური შემთხვევებისა და სხვა ინციდენტების მიზეზი?
შოთა ნიჟარაძე, შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს: ამ შემთხვევაში რამდენიმე ფაქტორია გამოსაკვლევი - მძიმე ტექნიკის ტექნიკური გამართულობა და მძღოლის გადაღლა ან დაუდევრობა. ძირითადად 2 მიზეზია, ერთი - მძღოლი არის თუ არა სათანადო პირობებში, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა მძღოლი გაითიშა (ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ავადმყოფობა), ამ გადაღლისგან ჩაეძინა. დადგენილია რამდენი ხანი უნდა იმუშაოს მძღოლმა. როცა ამის გადაჭარბება ხდება, მობილიზებული და ყურადღებიანი ვეღარ არის. მეორეა ტექნიკური დათვალიერება. ტექდათვალიერება შეიძლება გავლილი ჰქონდეს ავტომობილს, მაგრამ როცა საქმე მძიმე ტექნიკას ეხება, კომპანიას ევალება უფრო ყურადღებით დაათვალიეროს ავტოტრანსპორტი.
ფორმალურად ეს ყველაფერი კეთდება. სხვანაირად ვერ ივლის ავტომობილი, დაჯარიმდება და შესაბამისი სანქცია დაუწესდება. მაგრამ მთავარია, რეალურად რამდენად არის საკმარისი ის ტექნიკური დათვალიერება, რაც ოფიციალურად კეთდება ინსპექტირების სპეციალური ორგანოების მიერ. იმდენად ხარისხიანად ამოწმებენ თუ არა, როგორც უნდა მოწმდებოდეს, ეს კიდევ საკითხავია. ამ მხრივ სამართლებრივი მხარე ნაკლებად მიმაჩნია პრობლემად. მთავარია - სინამდვილე და ქაღალდზე რაც წერია, ემთხვევა თუ არა ერთმანეთს. საზოგადოებას, სპეციალისტებს ეჭვები გვაქვს სახელმწიფო რამდენად მაღალ დონეზე და ხარისხიანად ამოწმებს ასეთ ტექნიკას. არ ვართ დარწმუნებული რომ კარგად კეთდება.
ვინაა პასუხისმგებელი მძღოლის ფსიქოსოციალური მდგომარეობის გაკონტროლებაზე?
მძღოლის ფსიქოსოციალური მდგომარეობა და გადაღლა ძალიან საყურადღებოა. ყველა კომპანია ვალდებულია, რომ გადაზიდვებით დაკავებულ მძღოლებს ყოველწლიურად თავის ხარჯებით სამედიცინო შემოწმება ჩაუტაროს, ხარისხიანად გამოიკვლიოს რამდენად აქვთ მათ ფსიქიკური და ფიზიკური უნარები იმისათვის, რომ ასეთი რთული ტექნიკა მართოს.
კომპანიები თავისი შრომის უსაფრთხოების ნორმებს იცავენ თუ არა ამ ნაწილს შრომის ინსპექცია აკონტროლებს. ამასთან ერთად, კანონმდებლობიდან გამომდინარე შრომის ინსპექციას ასეთი მიდგომა აქვს: სახელმწიფოში დაყოფილია რისკფაქტორების მიხედვით საშიში ეკონომიკური საქმიანობები და ტრანსპორტი, მშენებლობისგან განსხვავებით, არ შედის საშიში ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალში. რამდენადაც მაღალ კატეგორიაშია საქმიანობა, იმდენად ხშირად ხდება შემოწმება და რამდენად დაბალ კატეგორიაშია რისკფაქტორები, იმდენად იშვიათად ამოწმებს შრომის ინსპექცია, თუ ვინმე მოქალაქემ ან დაინტერესებულმა პირმა თუ არ განაცხადა, რომ პრობლემაა და შეამოწმეთ.
თუ კომპანიებმა არ იციან და არღვევენ ამ ნორმას, მაშინ სახელმწიფომ უნდა დააჯარიმოს ასეთ კომპანიები. არის ამის პრეცედენტები?
კი, ბატონო. მე არ მსმენია ამის გამო ვინმე ყოფილიყო დაჯარიმებული.
გამოსავალს რაში ხედავთ?
ჩვენ ასოციაცია ცდილობს, საზოგადოების ცნობიერებაზე იმოქმედოს, გარკვეული პოლიტიკა ვაწარმოოთ, რომ კომპანიები ბევრ რამეში გაერკვნენ. ამ ვალდებულებაზე, მძღოლის ფსიქოსოციალური მდგომარეობის შემოწმებას ვგულისხმობ, ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, კომპანიების ნახევარმა არც კი იცის, რომ გადაზიდვებითა და სატრანსპორტო საქმიანობით დაკავებული მძღოლები ყოველწლიურად უნდა შეამოწმონ თავიანთი ხარჯით. მეორე, რაც უნდა გაკეთდეს არის, ის, რომ უფრო აქტიური იყოს სახელმწიფო კონტროლის კუთხით.