2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული დეველოპერების მიერ გაყიდული ბინების ჯამური რაოდენობა წლიურად მცირედით 2.7%-ით შემცირდა, რაც ნაწილობრივ გასაყიდად დარჩენილი ბინების შემცირებულ რაოდენობას ასახავს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს.

ამასთან, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეებს თითოეულს 4%-იანი წილი უჭირავს ჯამურ გაყიდვებში.

გასაყიდი ბინების ანალიზის საფუძველზე ბაზარზე ძლიერი მოთხოვნა ნარჩუნდება. 2023-24 წლებში დაწყებული პროექტების თითქმის ნახევარი უკვე სრულიად გაყიდულია. გარდა ამისა, პროექტებში რომლებიც მიმდინარე წელს სრულდება, ბინების მხოლოდ 18% არის გასაყიდად ხელმისაწვდომი.

„2024 წლის მარტში თბილისში 2,991 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 13.0%-იანი (და თვიურად 13.2%-იანი) შემცირებაა.

ტრანზაქციების რაოდენობის შემცირება დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-5.2% და -18.7% წ/წ, შესაბამისად).

2024 წლის მარტში დარეგისტრირებული ტრანზაქციების თითქმის ნახევარი დაფიქსირდა დიდი დიღმის, საბურთალოსა და გლდანის რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები მხოლოდ გლდანსა (+4.9% წ/წ) და დიდუბეში (+2.6% წ/წ) გაიზარდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2 ) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის (<$1000/მ 2 ) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

პირველად ბაზარზე ბინის ფასების ზრდის დინამიკა შენარჩუნდა (თვიური 0.4%-იანი და წლიური 15.1%-იანი ზრდა). მსგავსად, ფასები გაიზარდა მეორად ბაზარზეც (თვიური 3.9% და 2.7% ზრდა ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).

2024 წლის მარტში თბილისში 229.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%- იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში 717.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 9,506 ბინა გაიყიდა (+2.5% წ/წ და - 2.4% წ/წ, შესაბამისად).