ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, მეწყრული პროცესები გააქტიურდა, რის გამოც სოფლებიდან მოსახლეობის გაყვანა გახდა საჭირო.

მუნიციპალირეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით, მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი, სპეციალისტები მეწყრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ, რის შემდეგაც შესაძლო რისკების პროგნოზი გაკეთდება.

გასული ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მეწყრის საფრთხის ქვეშ მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაყვანა.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, უწყება უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის მონიტორინგს და ყველა საჭირო ღონისძიებას გეოლოგების ოფიციალური დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განახორციელებს.

არსებული ინფორმაციით, მეწყრული პროცესების განვითარებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, როგორც საცხოვრებელ სახლებს, ასევე დააზიანა საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

დღეს აღნიშნულ სოფლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

ისინი ადგილზე არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მცხოვრებლების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ შესაბამისი სამსახურების მითითებებს.