საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, არაკონკურენტული გარემო 985 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა, - ამის შესახებ ComCom-ის 2024 წლის ანგარიშში წერია.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კომპლექსური კვლევის ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტების დასკვნის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზრის შესაბამის საბითუმო ბაზარზე „მაგთიკომი“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორად ცნო და მას შესაბამისი სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა.
კვლევა, მეთოდოლოგიური წესების შესაბამისად, ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზრით დაიწყო, სადაც სახეზე იყო კონკურენციის პრობლემები. კომპლექსურ კვლევაში ჩართულმა ევროკავშირის ექსპერტთა ჯგუფმა ქართული ფიქსირებული ინტერნეტის საცალო ბაზარი არაკონკურენტულად მიიჩნია და დაადგინა, რომ წინასწარი რეგულირების გარეშე, შეზღუდული კონკურენტული გარემო არ შეიცვლება, რაც მომხმარებლებისთვის სერიოზული ზიანის მომტანია.
„კვლევისას დადგინდა, რომ საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, არაკონკურენტული გარემო 985 დასახლებაშია, კონკურენტული გარემო კი მხოლოდ 9 დასახლებაში აღმოჩნდა.
ანალიზმა, ასევე, აჩვენა, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ინტერნეტ ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან, 767 დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს მხოლოდ ერთი ოპერატორის მომსახურებაზე მიუწვდებათ ხელი, 182 დასახლებაში მცხოვრებთ - ორ ოპერატორზე, ხოლო სამი ან მეტი ოპერატორის მომსახურება მხოლოდ 45 დასახლებაშია ხელმისაწვდომი.
კვლევამ აჩვენა, რომ მსხვილ ოპერატორებს აქვთ რთულად დუბლირებადი ინფრასტრუქტურა. შესაბამისად, ბაზარზე შესვლის მსურველ კომპანიას სჭირდება მნიშვნელოვნად დიდი ინვესტიცია, რათა უკვე არსებულ მოთამაშეებს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ბაზარზე შესვლის მსურველი ოპერატორებისთვის ბარიერს წარმოადგენს ისიც, რომ მსხვილი ოპერატორები სარგებლობენ მასშტაბისა და მრავალფეროვნების ეკონომიით. მასშტაბის ეკონომიას აღწევენ თავიანთი ქსელის ზომისა და სიმძლავრის ხარჯზე, რაც მათ ხარჯების შემცირების საშუალებას აძლევს, ხოლო, ოპერატორები, რომლებიც ერთზე მეტ სერვისს სთავაზობენ მომხმარებელს, მაგალითად, ინტერნეტსა და ტელევიზიას ერთად, აკეთებენ მრავალფეროვნების ეკონომიას - ამცირებენ ერთეულის საშუალო ღირებულებას. აღნიშნული ახალი მოთამაშისთვის ნაკლებად არის შესაძლებელი, რაც ბაზარზე უთანასწორო პირობებს ქმნის. ამასთან ერთად, ევროპასთან შედარებით, საქართველოში ფინანსური დაკრედიტების ადგილობრივ ბაზრებს უფრო მაღალი კომერციული დაკრედიტების განაკვეთი აქვთ, რაც ახალი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. შესაბამისად, სამი კრიტერიუმის ტესტის შედეგებიდან გამომდინარე, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბაზარზე არსებული შემზღუდველი გარემოების გამოსასწორებლად საჭირო იყო შემდგომი კვლევა წინასწარი რეგულაციის დაწესების შესაძლებლობის შესაფასებლად“, - ნათქვამია ანგარისში.