დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. რუსული კანონი,საქართველოს აშორებს დასავლურ მომავალს.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ წერილში გამყრელიძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად საზიანოდ მიაჩნია.

„კანონი წინააღმდეგობაშია ჩვენს ევრო-ატლანტიკურ მომავალთან. ამის წინააღმდეგია მოსახლეობის უმრავლესობა, გვირჩევენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები — აშშ, ევროკავშირი, ბრიტანეთი, ყველა მეგობარი, კეთილის მსურველი და პარტნიორი, ვისაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს ფეხზე დადგომასა და განვითარებაში უკანასკნელი 33 წლის განმავლობაში.

ამ ფორმულირებით კანონის მიღება მხარდაჭერილია მხოლოდ რუსეთის მიერ, რომელსაც ამავე დროს, ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20% და მიზანში ვყავართ ამოღებული, რომ დაგვაბრუნოს თავისი გავლენის ქვეშ. ამიტომაც დარწმუნებული ვარ ისევ, რომ კანონს საბოლოოდ არ მისცემს მწვანე შუქს ჩვენი ქვეყნის პარლამენტი სადაც ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, პატივს ვცემ და მჯერა მათი მრწამსის. და თუ ამ ფორმით მაინც დამტკიცდება, საქართველოს მოსახლება მას არ მიიღებს და არ აღასრულებს,“ — ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, თუ ვინმეს ეს არ სჯერა, „მაშინ სასურველია დაინიშნოს რეფერენდუმი. ჩვენ რეფერენდუმების საფუძველზე ვაღიარეთ დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ამიტომ ისევ რეფერუნდუმით განვამტკიცოთ უმრავლესობის ნება და უარი ვუთხრათ კანონს, რომელიც გვაბრუნებს უკან, საბჭოთა კავშირში და უფრო მეტად გვაახლოებს რუსეთთან.“

გამყრელიძე საუბრობს პროცესებში ახალგაზრდა თაობის ბრძოლის მნიშვნელობაზეც:

„კარგად გავითავისოთ, რომ მამებისა და შვილების ბრძოლაში ყოველთვის შვილები იმარჯვებენ და ასეც უნდა იყოს, ისე განვითარება ვერ იქნება, ბუნების კანონია, „ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილი ჯობდეს მამასა“.

დღეს მიმდინარე პროცესს ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობა, ჩვენი შვილები და შვილიშვილები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ, ქვეყნის მომავალი თაობა მართავს და მათ უნდა გაიმარჯვონ ისე, როგორც 1978 წ. 14 აპრილს, 1989 წ. 9 აპრილს და შემდგომში მრავალგზის.

ნუ დავუპირისპირდებით მათ, ნუ აღვმართავთ მათზე ხელს, პირიქით მამების გამოცდილება და ახალგაზრდების ენერგია კარგ განათლებასთან ერთად არის ამ ქვეყნის სწორი განვითარების საფუძველი,“  — წერს ამირან გამყრელიძე.

ის მოუწოდებს კანონის ავტორებსა და ხელმომწერებს, გაითვალისწინონ მოსახლეობის ნება, პარტნიორების რჩევები და „საქართველოს განვითარების ამ გზაჯვარედინზე ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს ამ ქაღალზე ხელმოწერას და სიჯიუტეს. უკანდახევა არ გახლავთ ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად სიბრძნის, შორსმჭვრეტელობისა და სწორი სტრატეგიული ხედვის გამოხატულებაა!“