გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს გერმანიის გატერსლებენის (IPK) გენბანკიდან ხორბლის და ლობიოს ქართული წარმოშობის 600 ნიმუში გადმოეცა. ნიმუშები,შესწავლის მიზნით, ცენტრის წილკნის საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე დაითესება, ხოლო მათი იდენტიფიკაციის შემდეგ, მასალა წარმოშობის ადგილას არსებულ ფერმერულ მეურნეობებს დაუბრუნდება.
აღნიშნული საკითხის მნიშვნელობის და სამომავლო გეგმების განხილვის მიზნით, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თესლის და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე,  სამენიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ცენტრის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ  აქტიურად გაგრძელდება მსოფლიო მასშტაბით საერთაშორისო მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკებთან ურთიერთობები უძველესი ქართული ნიმუშების დასაბრუნებლად.


„გასული საუკუნის 90-იან წლებში, საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისის გამო, სხვადასხვა კვლევით დაწესებულებაში არსებული მინდვრის კულტურათა ადგილობრივი გენოფონდის ნაწილი დაიკარგა, ხოლო ნაწილი უცხოურ გენბანკებში აღმოჩნდა. ქართული წარმოშობის გენეტიკური მასალა, ენდემური სახეობები თუ ადგილობრივი ფორმები, რომლებიც ჩვენთან აღარ ინახება, დაცულია საერთაშორისო გენბანკებში. აღნიშნული მასალა საქართველოსთვის ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს, რომელსაც ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია; ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ ნიმუშების სამშობლოში დაბრუნება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

როგორც სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ განაცხადა, აქცენტი კეთდება ისეთ ადგილობრივ ჯიშებსა და ფორმებზე, რომლებსაც სელექციური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებები გააჩნია და ქართულ სამიწათმოქმედო კულტურაში დღესაც აქტუალურია.
„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოდან სხვადასხვა პერიოდში გატანილი და ამჟამად უცხოურ გენბანკებში დაცული, მცენარეთა უმნიშვნელოვანეს კულტურათა გენეტიკური რესურსების უნიკალური ნიმუშების დაბრუნება, მათი ტაქსონომიური და ჯიშური დახასიათება-იდენტიფიკაცია,  გენეტიკური მთლიანობის შეფასების მიზნით მათი შედარება უახლოეს წარსულში შეგროვილ იმავე ჯიშების ნიმუშებთან და  საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კონსერვაცია“, - განაცხადა ლევან უჯმაჯურიძემ.