საქართველოში ფინტექ ინდუსტრია ვითარდება, თუმცა სექტორის წინაშე ბევრი გამოწვევაა. მათ შორის არის ბაზრის მცირე მოცულობა. ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დათო კიკვიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ქართული ბაზარი დაახლოებით 2 მლნ. მომხმარებელს მოიცავს, რაც მცირე მოცულობაა. თუმცა მეზობელ ქვეყნებთან რეგულაციების დაახლოებისა და თავსებადობის მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. დავით კიკვაძე აღნიშნავს, რომ პროცესი სწრაფი ტემპით ხორციელდება აზერბაიჯანთან, რაც ქართულ კომპანიებს საშუალებას მისცემს გამარტივებული წესით მოემსახურონ მეზობელი ქვეყნის მოქალაქეებს. მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ე.წ. თავსებადობის უზრუნველყოფით საქართველოს ბაზარი დაახლოებით 4 მლნ. მომხმარებლით გაიზრდება.
,,გამოწვევა ისევ არის ბაზრის მცირე ზომა. საქართველო მცირე ბაზარია და სულ დაახლოებით 2 მლნ. მომხმარებელს მოიცავს. მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან გარკვეულწილად შეინიშნება ნაბიჯები, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ე.წ. თავსებადობას გულისხმობს. მათ შორის აზერბაიჯანთან ძალიან არის გააქტიურებული თანამშრომლობა, რომ მოხდეს გარკვეული რეგულაციების ურთიერთაღიარება და ჩათვლა, რომელიც ლოკალურ, ქართულ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მარტივად მოემსახურონ აზერბაიჯანის მოქალაქეებს. ეს ფაქტობრივად ბაზრის გასამმაგებას გულისხმობს და ე.წ. ,,ქროს ბორდერ’’ სერვისების შეთავაზებას ჩაუყრის საფუძველს.’’- აღნიშნავს დავით კიკვიძე.
ფინტექ ინდუსტრიაში წინსვლის კუთხით აღსანიშნავია ღია ბანკინგის განვითარება და გადახდის ინოვაციური სერვისების დანერგვა. პროცესი მე-5 წელია მიმდინარეობს და ამ პერიოდში მასში 5 ფინტექ კომპანია ჩაერთო. დავით კიკვიძე აცხადებს, რომ გადახდის ახალი ინსტრუმენტების დანერგვა მომხმარებლებს ფინანსური რესურსების დაზოგვის საშუალებას მისცემს, ბიზნესს კი ოპერაციების განხორციელებას გაუმარტივებს.
,,წინსვლის კუთხით აღსანიშნავია ღია ბანკინგის ფართოდ განვითარება. უკვე მივედით მე-3 ეტაპამდე, რომელიც ფაქტობრივად ღია ფინანსების განვითარებას გულისხმობს. ამ კუთხით უკვე 5 ფინტექ კომპანია არის ჩართული. ისინი იყენებენ ე.წ. ღია ბანკინგის სერვისებს, რომელთა საფუძველზეც ინოვაციური გადახდის მეთოდებიც დაინერგა, რომელიც გაცილებით ნაკლებ ხარჯიანია, ვიდრე სტანდარტული საბარათე ინსტრუმენტები ან სხვა საგადახდო ინსტრუმენტები. შესაბამისად, ამ კუთხით ნელ-ნელა, თუმცა წინ მივიწევთ. რომ შევხედოთ რა ვითარება გვაქვს თუ გასულ პერიოდში ღია ბანკინგის გამოყენების მაჩვენებელი ძალიან დაბალი იყო, დღეს ვხედავთ, რომ ამ სერვისების გამოყენება ყოველთვიურად წინ იწევს. ფინტექ კომპანიები ნერგავენ გადახდის ახალ მეთოდებს და დიდი იმედი მაქვს, მომავალში გადახდების გარდა სხვა ინსტრუმენტებიც დაინერგება, რომელიც მომხმარებელზე ორიენტირებული იქნება და მეორეს მხრივ ბიზნესსაც გაუმარტივებს ოპერირებას.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ფინტექ ასოციაციის თავმჯდომარე დათო კიკვიძე აღნიშნავს, რომ თანამედროვე მომხმარებელი ბევრად განათლებული და გათვიცნობიერებულია, თუმცა არსებობს ტექნოლოგიური პროდუქტები და სერვისები, რომელთა საჭიროების შესახებ მათ ჯერ არ იციან. სწორედ ასეთი სერვისების შექმნა და ბაზარზე გამოშვება უპირატეს პოზიციაში აყენებს ფინტექ კომპანიებს, რომლებმაც მომხმარებლების საჭიროებების გათვალისწინებით ჯერ პროდუქტი უნდა შექმნან და შემდეგ მასზე მოთხოვნა გააჩინონ.
,,კლასიკური მიდგომა, რომ მოთხოვნა განაპირობებს მიწოდებას ტექნოლოგიურ ბაზარზე უკვე ფიზიკურად ვეღარ მოქმედებს. მართალია მომხმარებელი მეტად გათვიცნობიერებულია და ზოგადად უფრო მეტად განათლებულია, თუმცა ტექნოლოგიური თვალსაზრისით მან მაინც არ იცის რეალურად რა ტიპის ტექნოლოგიური პროდუქტი შეიძლება სჭირდებოდეს. მომხმარებელმა არ იცის, რომ ეს პროდუქტი შეიძლება ფიზიკურად არსებობდეს ბაზარზე. შესაბამისად, ფინტექებისა და ტექნოლოგიური კომპანიების უპირატესობაც მაგაში მდგომარეობს, რომ მათ უნდა შექმნან ისეთი პროდუქტი, რომლითაც ისინი ამოიცნობენ მომხმარებლის ისეთ მოთხოვნებს, რომელიც მომხმარებელმა თვითონაც არ იცის ჯერჯერობით. მათ უნდა გამოუშვან პროდუქტი ბაზარზე და შემდეგ შექმნან პროდუქტზე მოთხოვნა. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი იმისა, რომ სერვისები განვითარდეს და ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარი წინ წავიდეს, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოგვცემს ფინანსურ სექტორში ხარჯების შემცირების თვალსაზრისით. ეს დღეს ფაქტობრივად თავიდან ბოლომდე მომხმარებლის კისერზე გადადის.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.