„30%-იანი დატვირთულობა გვაქვს ივნისის ბოლომდე; ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში ჯავშნების 40-45% გაუქმდა“, - ამის შესახებ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წელს ტურისტების უდიდესი ნაწილი ინდოეთიდან იყო, გაუქმებულ ჯავშნებში კი უდიდესი წილი სწორედ ამ ქვეყნის მოგზაურებზე მოდის.
„ყაზბეგის სეზონი აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე აქტიურ სეზონად მოვიაზრებთ ხოლმე, თუმცა, რა თქმა უნდა, ივნისი-ივლისი-აგვისტო არის ხოლმე ყველაზე მაღალი დატვირთულობის სეზონი. წლევანდელი წელი დაიწყო ძალიან მაღალი მოთხოვნით, დაახლოებით 70-80%-მდე დატვირთულობა გვქონდა აპრილსა და მაისში, თუმცა, რადიკალურად არის შეცვლილი ახლა ვითარება ახლო აღმოსავლეთში არსებული პროცესების გათვალისწინებით.
დაახლოებით 30%-იანი დატვირთულობა გვაქვს ივნისის ბოლომდე. ამჟამად, დატვირთულობა არის მნიშვნელოვნად შემცირებული, უახლოესი სამი კვირის განმავლობაში დაახლოებით ჯავშნების 40-45% არის გაუქმებული. ჯავშნების გაუქმებაზე პირდაპირი გავლენა იქონია სწორედ ისრაელისა და ირანის კონფლიქტმა, რადგან საჰაერო ზონაში ხალხი ხედავს საფრთხეს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შედარებით შორს არის ტერიტორიულად, მაინც რისკებთან არის დაკავშირებული მოგზაურობა. აქედან გამომდინარე, ბევრი ჯავშანი უქმდება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან“, - აღნიშნავს ანი ალიბეგაშვილი.
როგორც მანვე აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთში არსებული მდგომარეობა თბილისზე გაცილებით მძიმედ აისახა, ვიდრე ყაზბეგზე. რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ დედაქალაქი გაცილებით მეტ ვიზიტორს მასპინძლობს ხოლმე, ვიდრე ყაზბეგი.
„ძირითადად მასას წარმოადგენდნენ ინდოეთის მოქალაქეები, მასობრივი შემოდინება მოხდა მათი მხრიდან, შესაბამისად, ყველაზე მეტად მათი ჯავშნების გაუქმებაა თვალშისაცემი. რა იქნება საშუალოვადიან პერიოდში და როგორ გაგრძელდება ჯავშნების მიღება, ამაზე საუბარი არ იქნება ახლა მართებული. თუმცა, ის, რომ ჩვენს ქვეყანას წელს ფსონი ჰქონდა დადებული აღმოსავლეთის ქვეყნებზე და ჰქონდათ მოლოდინი, რომ თავისუფლად ჩავანაცვლებდით დასავლეთისა და ევროპის მოგზაურებს, ფაქტია, რომ კონფლიქტმა, რომელიც ძალიან ხშირი არის ხოლმე აღმოსავლეთში, მომენტალურად იმოქმედა ჩვენს ბაზარზე და მნიშვნელოვნად შეამცირა ტურისტების რაოდენობა.
ეს ეფექტი თბილისში უფრო საგრძნობია. ყაზბეგში თავისი მდებარეობისა და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი სტუმრის მიღება არ შეუძლია, მეტ-ნაკლებად მაინც გავინაწილეთ საქართველოში ჩამოსული და ყაზბეგში ამოსული ტურისტები სეგმენტების მიხედვით. მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ კუთხით თბილისს ბევრად უჭირს - ჩვენი ინდუსტრია ხაზზეა ყველასთან და გვაქვს ეს ცნობები“, - დასძინა Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა.
„არ შეიძლება რუსული და აღმოსავლური ბაზრის იმედი გვქონდეს“
როგორც მანვე აღნიშნა, მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აღმოსავლეთისა და რუსეთის ტურისტული ბაზრები არ არის სტაბილური. ალიბეგაშვილის თქმით, ტურისტული მიმართულებით აქცენტი უნდა გაკეთდეს ევროპისა და დასავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების მოზიდვაზე.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არ შეიძლება იმედი გვქონდეს არც რუსულ ბაზარზე და არც აღმოსავლურ ბაზარზე, რადგან არ არიან სტაბილურები და ნებისმიერ დროს შესაძლოა, შეიცვალოს მათი საქართველოსადმი განწყობა ან საფრთხის ზონაში მყოფ ქვეყანათა რიცხვში მოულოდნელად აღმოვჩნდეთ. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ დასავლეთისა და ევროპის სტუმარზე როგორც მათი მხარჯველუნარიანობის გათვალისწინებით, ასევე, იმ სერვისისა და საქართველოს იმ კუთხით მიყიდვის თვალსაზრისით, როგორც ჩვენი ქვეყანა თავად წარმოგვიდგენია. რადგან, აღმოსავლეთის ქვეყნებს ბევრად უფრო ნაკლებად აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა, ტრადიციები, კვება და ღვინო, იცით, რომ ალკოჰოლს საერთოდ არ მოიხმარენ, რაც „ჰორეკა“ სექტორისთვის არის მნიშვნელოვანი დარტყმა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ანი ალიბეგაშვილმა.