წელს თურქეთის კურორტებზე დასვენება მომხმარებელს 20-25%-ით უფრო ძვირი დაუჯდება, ვიდრე წინა ზაფხულს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერმა გოგა ქუცნიაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზაფხულის ტურისტულ პაკეტებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება ევროპის მიმართულებითაც. „კერძოდ, ევროპის ქვეყნებში სამოგზაურო ტურისტული პაკეტების ფასები 10-15%-ით გაიზარდა“, - აღნიშნა გოგა ქუცნიაშვილმა.

Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი მოლოდინებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, სავარაუდოდ, ფასები კიდევ უფრო მოიმატებს, ამიტომ მომხმარებლებს ურჩევს, მოგზაურობა ყოველთვის, რამდენიმე თვით ადრე დაგეგმონ.

რაც შეეხება გამყვანი ტურიზმის მიმდინარე დინამიკას, ტურისტული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, მოთხოვნასა და გაყიდულ ტურისტულ პაკეტებში შეინარჩუნეს წინა წლის მონაცემები, თუმცა, ჯერჯერობით, ზრდაზე არ გასულან.

რაც შეეხება იმ მიმართულებებს, რომლებიც ზაფხულის სეზონზე ყველაზე აქტიურია - აქ წლიდან წლამდე სურათი არ იცვლება და ლიდერი - თურქეთის საზღვაო კურორტებია. მომდევნო პოზიციებზე მას კვიპროსი, საბერძნეთი, ასევე ესპანეთისა და იტალიის საზღვაო კურორტები მოჰყვებიან.

თუმცა, როგორც Voyager 365-ის გენერალურმა მენეჯერი აცხადებს, იტალიის სანაპიროებზე დასვენება საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, ვინაიდან ამერიკელი და კანადელი დამსვენებლები იტალიურ კურორტებს 1 წლით ადრე ჯავშნიან. შესაბამისად, კონკურენცია მაღალია და მაღალია ფასებიც.

ქართველი ტუროპერატორები ახალ ტურისტულ მიმართულებაზეც საუბრობენ, კერძოდ, დიდ ბრიტანეთზე და აღნიშნავენ, რომ აქ პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის მიუხედავად, ჯერ მოთხოვნა მაღალი არ არის, ვინაიდან, სავიზო პროცედურები საკმაოდ ართულებს ბრიტანეთში მოგზაურობას.

რაც შეეხება სხვა ტენდენციებს გამყვან ტურიზმში - ტუროპერატორები კონკრეტულ ღონისძიებებზე მიბმული ტურების გააქტიურებაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ საფეხბურთო მატჩებსა და სხვადასხვა კონცერტებს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სულ უფრო მეტი ქართველი მოგზაური ესწრება. წელს, ამ ჭრილში, განსაკუთრებით მოთხოვნადი მიუნხენში ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ხოლო ერევანში - ჯენიფერ ლოპესის კონცერტია.

ცნობისთვის, 2025 წლის I კვარტალში საქართველოდან საზღვარგარეთ 323 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შედგა, რაც 1.7 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის მაჩვენებლებს. უნდა ითქვას, რომ ამავე საანგარიშო პერიოდში, საქართველოდან, განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები, ჯამურად, 481 მილიონ ლარს აჭარბებს.

 bp.ge