რაჭის და განსაკუთრებით, ზემო რაჭის მიმართ ინტერესი იზრდება - ვფიქრობთ, რომ წელს ვიზიტორთა რაოდენობა 20 000-ს გადააჭარბებს, - ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის ტურისტული საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ზაზა ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ონის მუნიციპალიტეტში 92-მდე საოჯახო და კოტეჯის ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს, ხოლო ბრენდული ტიპის - 3.
"ამ ეტაპზე, უცხოელი ტურისტების აქტივობა არ შეინიშნება, თუმცა სხვადასხვა რეგიონიდან ექსკურსიები აქტიურად ეწყობა. ვფიქრობთ, რომ წინა წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა გაიზრდება. წინა წელს ვიზიტორთა რაოდენობამ 13 192-ს მიაღწია, ხოლო წელს ვფიქრობთ, რომ 20 000-ს გადააჭარბებს.
რაჭის და კონკრეტულად ონის მუნიციპალიტეტის მიმართ ინტერესი გამოხატულია როგორც საქართველოს სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლებისგან, ისე უცხოელებისგან. პროცენტული თანაფარდობა 50-50-ზეა. უცხოელების ნაწილში წინა წელს ევროპელი სეგმენტი ჭარბობდა, ხოლო წელს - რუსეთი, უკრაინა და ასევე, გერმანია. შარშან შოვის ტრაგედიის გამო ტურისტული ნაკადები შემცირდა, თუმცა წელს ისევ დაიწყო ზრდა. ძირითადად, რაჭაში ბუნებაში პიკნიკის მოსაწყობად და დასასვენებლად მოდიან. რაჭაში შოვის ტრაგედიამდე შოვი და უწერა ყველაზე მოთხოვნადი ადგილები იყო, ხოლო ახლა ჩვენ აქტიურად დავიწყეთ სხვა სოფლების პოპულარიზაცია, მათ შორის, ღები, ჭიორა, შქმერი და ა.შ., რომლებიც ბუნებით ასევე, გამორჩეულები არიან.
ჩვენი სამსახური ორიენტირებულია, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტის პოტენციალი შევისწავლოთ და შესაბამისი პოპულარიზაცია განვახორციელოთ. ჩვენი მიზანია, რომ ტურისტების მომსახურება ოთხივე სეზონზე შევძლოთ, თუმცა სამწუხაროდ, ამისთვის საკმარისი ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით არ არის. მათ შორის, საპიკნიკე ადგილები მოუწყობელია, ტურისტული ბილიკებიც არ არის მარკირებული, რომ უსაფრთხო იყოს, არც სერტიფიცირებული გიდები გვყავს და შესაბამისად, ამ მიმართულებებით აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს ზაზა ჭელიძე.
მისივე ინფორმაციით, მთის რაჭაში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობაა, დაცლილია სოფლები, თუმცა ბოლო დროს, ნელი ტემპით მაგრამ მაინც შეინიშნება ოჯახების სოფლად დაბრუნების ტენდენცია.