„რადგან საქართველოში მოგზაურობა იაფი არ არის, ვიზიტორს შესაბამისი სერვისი და პროდუქტი უნდა დავახვედროთ", - ამის შესახებ Salt Projects-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობდეს, რათა საქართველოში ჩამოსული ტურისტი კომფორტულად გადაადგილდებოდეს.

ტურისტული სეზონი საკმაოდ აქტიურად დაიწყო. რეგიონები აქტიურად დაიტვირთა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეგიონები ყოველთვის უფრო მოწყვლადია, ვიდრე თბილისის სასტუმროები. იმედია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება. 

დადებითი შედეგების მთავარ ფაქტორებს შორის, ერთ-ერთი არის ის, რომ ბევრი მიმართულებით დაემატა ფრენები. ყოველთვის ვამბობდით, რომ მსოფლიოში სტაბილურობა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. რასაკვირველია, ისრაელის ომი შეეტყო საქართველოში ტურისტების რაოდენობას - ძირითადად, ბათუმის მიმართულებით. სწრაფად მოხდა გალფის ქვეყნებიდან ჩანაცვლება. ამით თავი არ უნდა დავიმშვიდოთ, ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. 

საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს იაფი მოგზაურობის დანიშნულების ადგილად. არსებობს გამოწვევები. მაგალითად ბათუმის შემთხვევას შევეხები. უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმი არ არის დასასვენებელი ადგილი, ის არის საქართველოში მეორე ყველაზე დიდი ქალაქი და უნდა ვაპოზიციონეროთ როგორც მეორე მიზიდულობის ცენტრი. ბათუმში ზაფხულის პერიოდში ნომრების რაოდენობა არ არის საკმარისი, ზამთარში სხვა სურათს ვიღებთ და ამის ბალანსი უნდა ვიპოვოთ და შევთავაზოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ტურისტს მთელი წლის განმავლობაში მოიზიდავს. ამის შემდეგ დაემატება ოთახების რაოდენობაც და ბიზნესიც უფრო მეტად მოემზადება", - აცხადებს ვალერი ჩეხერია. 

bp.ge