„პირველი, ვერავინ ვერაფერს გააპროტესტებს და მეორე - ტურიზმი კი არა, საქართველო გადაიქცევა შავი ფულის ჰაბად“,- ამის შესახებ ტურიზმის ანალიტიკის სპეციალისტმა, ია თაბაგარმა „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა. საუბარია მთავრობის მიერ, მეორედ დაინიცირებულ „უცხო ქვეყნის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელსაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ე.წ ოფშორების კანონს მოჰყვა. 

როგორც ია თაბაგარი აღნიშნავს, კანონი პირდაპირ შეეხება და უარყოფითად აისახება ქვეყანაში შემოყვანის ტურიზმის ბიზნესზე და ინვესტიციებზე. ასევე სხვა უამრავ დეველოპერულ პროექტებს, რომლებიც დონორი ორგანიზაციების მიერ სწორედ უცხოეთიდან ფინანსდება, დიდი საფრთხე შეექმნება ან საერთოდ დაიხურება დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

„შემოყვანის და გაყვანის ტურიზმი, პირდაპირ და ირიბად, დაკავშირებული და დამოკიდებული გახდება აღნიშნულ კანონებზე, რაც ძალიან უარყოფით გავლენას მოახდენს მთლიანად ტურიზმის ინდუსტრიაზე.

ტურიზმი, მასპინძლობის ინდუსტრია, ასევე, უამრავი პროექტი ფინანსდება უცხოეთიდან და ვინც ამ პროექტებზე მუშაობს, ყველა დამეთანხმება, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, ქონების სააგენტო, საჯარო რეესტრი და ყველაფერი არის გამჭვირვალე და აღრიცხული. ამიტომ, დამოკიდებულება, რომ თითქოს, ფული ისე იხარჯება, არავინ არაფერი იცის, მცდარია. ან რომ ამბობენ, გადასახადებს არ იხდიანო, ესეც არასწორია.

რეგულაციების მიხედვით, ბევრი პროექტი არის გათავისუფლებული დღგ-სგან, რადგან არ წარმოადგენს ბიზნესს. მაგრამ საშემოსავლოს იხდის აბსოლუტურად ყველა პროექტი და ორგანიზაცია და ამას გვერდს ვერავინ აუვლის. პირიქით, ასეთი პროექტები ბევრად უფრო გამჭვირვალეა გადასახადების კუთხით და შეიძლება, მთავრობისგან წამოსული პროექტებიც კი კონტროლდებოდეს ასე დეტალურად ფინანსური კუთხით, როგორც დონორი ორგანიზაციების მიერ გადახდილი გადასახადები.

ევროკავშირის, USAID-ის მსოფლიო ბანკის და სხვა უცხოური პროექტები, ბევრად უფრო დეტალურ ანგარიშ-ვალდებულებებს მოითხოვენ. შესაბამისად, მთელი რგოლი, რომელიც ჩართულია პროცესში, ვალდებული და გამოცდილია, რომ ეს ანგარიში წარადგინოს. ეს არის საკითხის ერთი ნაწილი, ხოლო მეორე, ყველაზე დიდი საშიშროება, ეს არის ე.წ. ოფშრული კანონი. ორივე კანონი არის „ჯოჯოხეთური“ რადგან, პირველი კანონი, არ მოგვცემს საშუალებას რამე გავაპროტესტოთ და მეორე - საქართველო გადაიქცევა შავი ფულის ჰაბად. იმიტომ, რომ ერთ მხარეს დასანქცირებული რუსეთია და მათ სჭირდებათ გარკვეულწილად თავისუფალი ბიზნეს და ფინანსური სივრცეები სამოქმედოდ. საქართველო მათთვის მიმზიდველი „სამოთხეა“, იმ კუთხით, რომ აკეთონ ის, რაც მათ უნდათ და ხმასაც ვერ ამოიღებენ საქართველოს მოქალაქეები.“- აცხადებს ია თაბაგარი.

ვრცლად bpn.ge