ალბანეთის ტერიტორიული დაგეგმარების სააგენტომ წინასწარი თანხმობა მისცა საზანის კუნძულზე ელიტური კურორტის მშენებლობის პროექტს, რომელსაც დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი ავითარებს.

ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრ ედი რამამ A2 CNN-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.

საბოლოო დამტკიცების მისაღებად კუშნერმა დოკუმენტების პაკეტი, მათ შორის, ტექნიკური ნახაზები, ეკოლოგიური ექსპერტიზა და გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა წარადგინოს.

იანვრის დასაწყისში ალბანეთის საინვესტიციო განვითარების სააგენტომ (AIDA) პროექტს სტრატეგიული სტატუსი მიანიჭა. ინვესტიცია 1.4 მლრდ ევროდ (დაახლოებით, 1.58 მლრდ დოლარად) არის შეფასებული, ხოლო ტერიტორიის ფართობი 45 ჰექტარს შეადგენს. საზანის კუნძული, სადაც კურორტი აშენდება, ადრე საბჭოთა წყალქვეშა ნავების ბაზად გამოიყენებოდა და ოფიციალურად დღემდე სამხედრო ზონად ითვლება.

The Sarajevo Times-ის ცნობით, ახალი კურორტის მმართველი შვეიცარიული კომპანია, Aman Resorts იქნება, რომელიც რუს ბიზნესმენ ვლადისლავ დორონინს ეკუთვნის. დორონინს, საკუთარი პიროვნების გასაიდუმლოების გამო, მეტსახელად „რუსი ჯეიმს ბონდი“ შეარქვეს.

Aman Resorts-ის კურორტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ კურორტებად ითვლება. ქსელი 20 ქვეყანაში 30-ზე მეტ სასტუმროს მართავს. ნომერში ღამისთევა, დაახლოებით, 1400 დოლარი ღირს, ხოლო ცალკეული ვილების დაქირავებამ შესაძლოა, 50 000 დოლარსაც მიაღწიოს. ცნობილი სახეებიდან Aman-ის მუდმივ სტუმრებს შორის ბილ გეითსი, მარკ ცუკერბერგი, კარდაშიანები, ანჯელინა ჯოლი, დევიდ ბექჰემი და ტომ ჰენქსია. ბალკანეთზე კომპანია პრესტიჟულ კურორტს უკვე მართავს, რომელიც მონტენეგროში, “წმიდა სტეფანზეს” კუნძულზე მდებარეობს.

ალბანეთი კუშნერის ერთადერთი ბალკანური პროექტი არ არის. ის, ასევე, ბელგრადში ყოფილი იუგოსლავიის თავდაცვის სამინისტროს შენობის რეკონსტრუქციას გეგმავს, რომელიც 1999 წელს NATO-ს ძალების დაბომბვის შედეგად განადგურდა. სერბეთის მთავრობასთან შეთანხმებით ამ ადგილას პრემიუმ-კლასის სასტუმრო კომპლექსი აშენდება და ომის მსხვერპლისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნება.

www.bpn.ge