ფარმაცევტულმა გიგანტმა AstraZeneca-მ თავისი Covid-19 ვაქცინის მსოფლიო მასშტაბით გაწვევის შესახებ გამოაცხადა. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება წმინდა კომერციული იყო და გამოწვეული იყო კორონავირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ შექმნილი განახლებული ვაქცინების ჭარბი რაოდენობით.

რამდენიმე თვით ადრე, AstraZeneca-მ სასამართლო დოკუმენტებში აღიარა, რომ მისმა ვაქცინამ, ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს სისხლის შედედების სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტი.

კომპანია აცხადებს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტში შემუშავებული ვაქცინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც Covid-19-ის პანდემიის დროს გამოჩნდა. მისი გამოყენების პირველ წელს ვაქცინამ 6 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.

კომპანიამ განცხადება ევროკავშირში ვაქცინის მარკეტინგული ავტორიზაციის ნებაყოფლობით მოხსნის შესახებ 5 მარტს შეიტანა და ძალაში მიმდინარე კვირის სამშაბათს შევიდა. 

AstraZeneca-მ განაცხადა, რომ ვაქცინა გაყიდვიდან ამოღებულია კომერციული მიზეზების გამო. ვაქცინა აღარ იწარმოება, რადგან ის განახლებული ვაქცინებით შეიცვალა, რომლებიც კოვიდის ახალ ვარიანტებს ებრძვიან.

მას შემდეგ, რაც ვაქცინა ფართოდ გავრცელდა, ვაქცინა ყურადღების ცენტრში მოექცა გვერდითი ეფექტების - სისხლის შედედების და სისხლში თრომბოციტების დაბალ დონის გამო. თებერვალში ლონდონის უმაღლეს სასამართლოში წარდგენილ სასამართლო დოკუმენტებში, AstraZeneca-მ აღიარა, რომ მისმა Covid-ის ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს TTS ძალიან იშვიათ შემთხვევებში.

TTS („თრომბოციტოპენიის თრომბოზის სინდრომი") დაკავშირებულია სულ მცირე 81 სიკვდილთან დიდ ბრიტანეთში, ასევე ასობით მძიმე დაზიანებასთან. 50-ზე მეტმა სავარაუდო მსხვერპლმა და გარდაცვლილის ნათესავმა შეიტანა სარჩელი AstraZeneca-ს წინააღმდეგ უმაღლეს სასამართლოში.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca ვაქცინა არასოდეს ყოფილა ავტორიზებული შეერთებულ შტატებში.