ევროკომისია მიიჩნევს, რომ 2027 წლის ბოლომდე ევროკავშირში რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის თანდათანობითი და ეფექტური შეწყვეტა ევროკავშირის უფრო მეტ ენერგოდამოუკიდებლობას, ენერგომატარებლების უსაფრთხოებას და ენერგოდამოუკიდებლობის და კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
ამ მიზნით მომზადებული გეგმის თანახმად:
ახალი კონტრაქტებით რუსული გაზის იმპორტი აიკრძალება 2026 წლის 1 იანვრიდან;
არსებული მოკლევადიანი კონტრაქტებით იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება 2026 წლის 17 ივნისამდე;
გამონაკლისი დაშვებულია გრძელვადიან კონტრაქტებზე მიბმული ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების მილსადენებით მომარაგების მოკლევადიანი კონტრაქტებისთვის. ეს დაშვებული იქნება 2027 წლის ბოლომდე;
გრძელვადიანი კონტრაქტებით იმპორტი ეტაპობრივად შეწყდება 2027 წლის ბოლომდე.
რაც შეეხება ნავთობს, ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებიც კვლავ ახორციელებენ რუსული ნავთობის იმპორტს, მოუწევთ დივერსიფიკაციის გეგმების მომზადება ნავთობის იმპორტის თანდათანობით შესაჩერებლად, 2027 წლის ბოლოსთვის მისი სრული შეჩერების მიზნით.
რუსული გაზის და ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ გეგმაში აღნიშნულია, რომ რუსული წიაღისეული საწვავის თანდათანობითი გაუქმება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სუფთა ენერგიის გადასვლასა და ევროკავშირის საერთო კონკურენტუნარიანობაში. ეს შესაძლებელია, რადგან ევროკავშირს აქვს საკმარისი ალტერნატიული მიმწოდებლები გლობალურ გაზის ბაზარზე, კარგად დაკავშირებული კავშირის გაზის ბაზარი და საკმარისი ევროკავშირის იმპორტის ინფრასტრუქტურა.
ევროკომისიის წინადადებაში გამონაკლისის დაშვებულია რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტის აკრძალვის მოწინააღმდეგე სლოვაკეთის და უნგრეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მისაღები იქნება მათთვის გამონაკლისის ამ სახით და ასეთი ვადით დაშვება.
ევროპული მედიის ცნობით, რუსეთიდან თხევადი გაზი ამჟამად მიეწოდება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, ბელგია, ნიდერლანდები და ესპანეთი.