Visual Capitalist-მა, ევროსტატის ანგარიშზე დაყრდნობით, 30 ევროპული ქვეყნის ოჯახების შემოსავლები ერთმანეთს შეადარა. მონაცემები გადასახადებისა და სოციალური შენატანების შემდეგ არის დათვლილი. Visual Capitalist-მა მაჩვენებლები ადგილობრივი ფასების მიხედვით, შემოსავლის მსყიდველობითი უნარის სტანდარტში (PPS) ხელახლა გამოთვლით შეასწორა და ასეც შემოგვთავაზა.
ცნობისთვის, PPS ხელოვნური ვალუტაა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფინანსური თვალსაზრისით შედარებისთვის გამოიყენება. თეორიულად, 1 PPS-ით ყველგან ერთი და იმავე საქონლისა და მომსახურების ყიდვაა შესაძლებელი.
ევროპულ ქვეყნებს შორის ევროში ყველაზე მაღალი შემოსავლით, 178,553 ევროთი, შვეიცარია ლიდერობს. თუმცა, ცხოვრების ღირებულების გათვალისწინებით, შვეიცარიული ოჯახების მსყიდველობითი უნარის სტანდარტში შემოსავალი 100,777 PPS-მდე ეცემა. მიუხედავად ამისა, ის კვლავ რჩება რეიტინგის ლიდერ ქვეყნად, თუნდაც PPS-ის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ევროში შემოსავლის მიხედვით ბოლო ადგილზეა (22,880 ევრო). თუმცა, მისი PPS-ით კორექტირებული შემოსავალი, 72,731-ია – ნომინალურზე სამჯერ მეტი. ეს მას რეიტინგის ლიდერებს შორის ადგილს უმკვიდრებს და პოზიციას ირლანდიასთან ახლოს უნაწილებს.
სინამდვილეში, ირლანდიაში ოჯახის შემოსავალი 95,776 ევროს უტოლდება, რაც თურქეთის ნომინალურ შემოსავალზე ოთხჯერ მეტია. თუმცა, ორივე ქვეყანაში ოჯახები PPS-ში დაახლოებით 70,000-ის შემოსავალს იღებენ. ეს ცხადყოფს, რომ თურქულ და ირლანდიურ ოჯახებს თავიანთ ქვეყნებში არსებითად ერთნაირი მსყიდველობითი უნარი აქვთ.
რას გვეუბნება ირლანდიისა და თურქეთის შემოსავლები მათი ეკონომიკის შესახებ? – ირლანდიის მაღალი ნომინალური შემოსავალი გაბერილია მისი, როგორც გლობალური საგადასახადო თავშესაფრის როლით. ტექნოლოგიური და ფარმაცევტული კომპანიები იქ უზარმაზარ მოგებას აფიქსირებენ, რაც ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლებს ამახინჯებს, რომლებიც ადგილობრივ ოჯახებზე თანაბრად არ ნაწილდება.
თურქეთში საპირისპირო მდგომარეობაა: შემოსავლები შემცირებულია ინფლაციისა და დევალვაციის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური აუცილებელი პროდუქტები – ქუჩის საკვებიდან დაწყებული ადგილობრივი ტრანსპორტით დამთავრებული – გლობალური სტანდარტებით ხელმისაწვდომი რჩება. ეკონომიკური ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სასურსათო ფასები აქვს.
ტოპ-10 ევროპული ქვეყანა ევროში შემოსავლის მიხედვით (2024):
ადგილი | ქვეყანა | შემოსავალი ევროში | შემოსავალი PPS |
---|---|---|---|
1 | შვეიცარია | €178,553 | 100,777 |
2 | ისლანდია | €116,411 | 73,988 |
3 | ლუქსემბურგი | €110,438 | 82,439 |
4 | ნიდერლანდები | €101,465 | 86,753 |
5 | ნორვეგია | €97,580 | 79,979 |
6 | ირლანდია | €95,776 | 69,833 |
7 | ავსტრია | €93,722 | 83,870 |
8 | დანია | €91,712 | 63,283 |
9 | გერმანია | €86,372 | 79,606 |
10 | ბელგია | €80,070 | 68,222 |
ტოპ-10 ევროპული ქვეყანა PPS-ში შემოსავლის მიხედვით (2024):
ადგილი | ქვეყანა | შემოსავალი PPS | შემოსავალი ევროში |
---|---|---|---|
1 | შვეიცარია | 100,777 | €178,553 |
2 | ნიდერლანდები | 86,753 | €101,465 |
3 | ავსტრია | 83,870 | €93,722 |
4 | ლუქსემბურგი | 82,439 | €110,438 |
5 | ნორვეგია | 79,979 | €97,580 |
6 | გერმანია | 79,606 | €86,372 |
7 | ისლანდია | 73,988 | €116,411 |
8 | თურქეთი | 72,731 | €22,880 |
9 | ირლანდია | 69,833 | €95,776 |
10 | ბელგია | 68,222 | €80,070 |