გერმანიის საგარეო დაზვერვის უფროსმა Table Media-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოცადოს ნატოს ალიანსის სიმტკიცე.
ფედერალური დაზვერვის სამსახურის უფროსმა, ბრუნო კალმა, განაცხადა, რომ მის სააგენტოს აქვს მკაფიო სადაზვერვო ცნობები რუსეთი გეგმავს გარკვეულ აგრესიულ ქმედებებს უკრაინის საზღვრებს მიღმა. მისი განმარტებით, რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ჰიბრიდული ტაქტიკა იმის გასარკვევად, თუ რამდენად ერთიანია ალიანსი.
„მათ არ სჭირდებათ ტანკების არმიების გაგზავნა […] საკმარისია პატარა მწვანე კაცუნების გაგზავნა ესტონეთში, სავარაუდოდ, “დაჩაგრული რუსი უმცირესობების დასაცავად“, – თქვა კალმა ინტერვიუში.
„ჩვენ საკმაოდ დარწმუნებულები ვართ და ამას დაზვერვის მონაცემებიც აჩვენებს, რომ უკრაინა მხოლოდ ერთი ნაბიჯია“, – თქვა კალმა.
კალის კომენტარი ეხება ჰიბრიდულ ტაქტიკას, რომელიც რუსეთმა გამოიყენა ყირიმის 2014 წლის ანექსიის დროს, როდესაც არაფორმალურმა რუსმა ჯარისკაცებმა დაიკავეს საკვანძო შენობები და ცნობილები გახდნენ, როგორც „პატარა მწვანე კაცუნები“. ზოგიერთი ექსპერტი ამ მოვლენებს – და დასავლეთის მდუმარე რეაქციას – მიიჩნევს მთავარ ფაქტორად, რამაც რუსეთი გაამხნევა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაეწყო. მიუხედავად ამისა, როიტერის ცნობით, კალი დარწმუნებულია, რომ დღეს მისი ამერიკელი კოლეგები რუსულ საფრთხეს სერიოზულად აღიქვამენ.