ისრაელის იერიშის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაცია ირანის რამდენიმე სახელმწიფო მედიამ დაადასტურა.

სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. როგორც „სიენენი“ წერს, ჰოსეინ სალამი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო.

სალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ხელმძღვანელობდა, როდესაც ირანმა გასული წლის აპრილსა და ოქტომბერში ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა, რაც ირანის პირველი პირდაპირი დარტყმები იყო ისრაელის ტერიტორიაზე.

ისრაელთან ბოლო დღეებში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, სალამიმ განაცხადა, რომ ირანი „სრულიად მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, სიტუაციისა და გარემოებისთვის“.

შეგახსენებთ, ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. გავრცელდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებაც. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება. ირანის სახელმწიფო მედია კი ისრაელის დარტყმის შედეგად რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსნის დაღუპვის შესახებ იუწყება, ვრცელდება ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებაც. განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა და აშშ არ არის ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში.

1tv.ge