აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს ადმინისტრაციის დატოვებამდე ოქროს გასაღები გადასცა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ბიზნესმენი "რეალურად არ მიდის". მასკი აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE) ხელმძღვანელობდა.
"ილონი რეალურად არ მიდის. წინ და უკან ივლის. ვფიქრობ, ასე ვგრძნობ, რომ ეს [DOGE] მისი შვილია და ვფიქრობ, რომ მრავალ რამეს გააკეთებს". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა მასკს საჩუქრად დიდი მოოქროვილი გასაღები 30 მაისს ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაზე გადასცა. საჩუქარს "თეთრი სახლის გასაღები" ეწოდება. ტრამპის თქმით, ეს "პატარა განსაკუთრებული რამ" არის, რასაც ის "ძალიან განსაკუთრებულ ხალხს" აშშ-ს სახელით ჩუქნის.
ოქროს გასაღები ტრამპმა პირველად თავისი პირველი ვადის დროს, 2020 წელს ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს აჩუქა.
აშშ-ს პრეზიდენტმა მასკს უწოდა "ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ლიდერი და ინოვატორი, რომელიც მსოფლიომ დაბადა" და დიდი ხნის განმავლობაში "ყველაზე ფართომასშტაბიანი და მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეფორმის პროგრამის" ხელმძღვანელობისთვის შეაქო.
"ილონმა საოცარი სამსახური გაწია. მისი მსგავსი არავინაა და ცილისწამებისა და თავდასხმების ატანა მოუწია, რაც დასანანია, რადგან ის საოცარი პატრიოტია. კარგი ამბავი ის არის, რომ ეს ქვეყნის 90%-მა იცის და ამას აფასებს და ძალიან აფასებს იმას, რაც მან გააკეთა". - თქვა ტრამპმა.
მასკმა ასევე თქვა, რომ DOGE-ს გუნდი, რომელიც მან შექმნა "დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება" და DOGE ბუდიზმს შეადარა.
"ცხოვრების წესივითაა. ამიტომ მთლიანი მთავრობა მისით არის გაჯერებული და დარწმუნებული ვარ, რომ დროთა განმავლობაში ტრილიონობით დოლარის ღირებულების დანაზოგსა და ხარჯის ტრილიონობით დოლარის შემცირებას ვიხილავთ". - თქვა მასკმა.
მასკმა დაამატა, რომ ვაშინგტონში "სტუმრობას გააგრძელებს", როგორც ტრამპის "მეგობარი და მრჩეველი" და აღნიშნა, რომ ოვალურ ოფისში დაბრუნებას სიხარულით მოელის.
გარდა ამისა, პრესკონფერენციას მასკი ჩალურჯებული თვალით ესწრებოდა. ბიზნესმენის თქმით, თვალი მისმა შვილმა, X Æ A-12-მა თამაშის დროს დაუზიანა.
"პატარა X-თან ერთად ვთამაშობდი და ვუთხარი "მიდი, სახეში დამარტყი" და ეს გააკეთა კიდეც. როგორც აღმოჩნდა, რეალურად, ხუთი წლის ბავშვს დარტყმა შეუძლია. იმ დროს დიდი არაფერი მიგრძვნია". - თქვა მასკმა რეპორტიორების კითხვის პასუხად.
ტრამპმა DOGE ინაუგურაციის პირველ დღესვე, 20 იანვარს, დააარსა და მას სათავეში ილონ მასკი ჩაუდგა. მასკს სპეციალური სახელმწიფო თანამშრომლის სტატუსი მიენიჭა, რომლის მიხედვითაც მას აშშ-ს მთავრობისთვის წელიწადში მხოლოდ 130 დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა. ეს ვადა მასკს პირველ ივნისს ამოეწურებოდა.
მასკის მიერ მართულმა DOGE-მა მიზნად აშშ-ს ბიუჯეტიდან 2 ტრილიონი დოლარის დაზოგვა დაისახა, თუმცა უწყების ბოლო შეფასებებით 2026 ფისკალური წლისთვის დაზოგილი თანხა მხოლოდ 160 მილიარდს აღწევს.
28 მაისს, ილონ მასკმა თქვა, რომ ის გასულ კვირაში აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული "დიდი, ლამაზი" კანონპროექტის მიღების გამო იმედგაცრუებულია.
25 მაისს გამოცემა New York Times წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკი პოლიტიკით იმედგაცრუებული იყო, პოლიტიკაზე ბევრის დახარჯვას აღარ აპირებდა და მას Tesla-სა და SpaceX-ში დაბრუნება სურდა.
კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მასკმა აღნიშნა, რომ თუ მომავალში მნიშვნელოვან მიზეზს არ დაინახავს, პოლიტიკურ კამპანიებში ბევრად ნაკლებს დახარჯავს. როგორც ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, მასკი ახლა იმედგაცრუებულია იმით, თუ რა გავლენა შეიძლება მისმა ფულმა პოლიტიკურ სისტემაზე იქონიოს და მისი აზრით, სჯობს თავისი დრო და რესურსები სხვაგან გამოიყენოს.
მილიარდერის თქმით, ახლა მისი ყურადღება კვლავ Tesla-სა და SpaceX-ს სჭირდება. ორივე კომპანია მნიშვნელოვან ეტაპზე იმყოფება: ელექტრომობილების მწარმოებელი ივნისში სრულად ავტონომიური მანქანის გამოშვებას გეგმავს, ხოლო სარაკეტო კომპანია მომდევნო კვირას ახალი თაობის Starship-ის გაშვებას გეგმავს. მასკს ასევე მარსზე 2026 წელს უპილოტო ხომალდის გაგზავნა სურს.