ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის ესკალაციამ პარასკევს ნავთობის ფასები 7%-ით გაზარდა. აღსანიშნავია, რომ 13 ივნისს, ნედლეულის ფასებმა დღის განმავლობაში ყველაზე დიდი რყევები აჩვენა 2022 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ტრეიდერები შიშობენ, რომ დაპირისპირებამ ნავთობით მდიდარი ახლო აღმოსავლეთის რეგიონიდან ექსპორტის შეფერხება შეიძლება გამოიწვიოს.
გუშინ, სავაჭრო სესიის ბოლოს, Brent-ის ფასმა ბარელზე 74.23 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.87 აშშ დოლარით ანუ 7.02%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ დღის განმავლობაში ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყო და 78.50 აშშ დოლარსაც კი მიაღწია, რაც 27 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Brent-ის ფასი კვირის ჭრილში 12.5%-იან ზრდას აჩვენებს.
WTI-ის ფასმა კი 72.98 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.94 აშშ დოლარით ანუ 7.62%-ით მეტია. სესიის განმავლობაში WTI-ის ფასი 14%-ზე მეტით გაიზარდა და 21 იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს, 77.62 აშშ დოლარს მიაღწია. ფასი ერთი კვირის წინანდელ ნიშნულს 13%-ით აღემატება.
13 ივნისს, გამთენიისას ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დაარტყეს ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მოკლულია სამი ირანელი სამხედრო მეთაური. პარასკევს, ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებსა და სარაკეტო ბაზებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ, 14 ივნისის ღამის განმავლობაში მხარეებმა ერთმანეთზე ინტენსიური იერიში მიიტანეს.