ისრაელი „ჰამასს“ ერთკვირიან ვადას აძლევს, რომ დათანხმდეს მძევლების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი რაფაჰში სამხედრო ოპერაციას დაიწყებენ. ინფორმაციას ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ეგვიპტელი მაღალჩინოსნების ცნობით, „ჰამასს“ გადაწყვეტილების მიღებისთვის ვადა მომდევნო პარასკევამდე აქვს.

ანონიმური წყარო ასევე აცხადებს, რომ „ჰამასის“ ლიდერები ეწინააღმდეგებიან ისრაელის ამ შეთავაზებას, რადგან რამდენიმე დეტალი მათთვის ბუნდოვანია.

წყაროს ცნობითვე, „ჰამასს“ სურს გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტა, რადგან, როგორც ირკვევა, ის შიშობს, რომ ისრაელი მის შეთავაზებებს მოკლე დროში დაარღვევს და გააგრძელებს ბრძოლას. 

ასევე, ამერიკული გამოცემა წერს, რომ ისრაელის მხრიდან წარდგენილი შეთავაზების პირველი ფაზა ითვალისწინებს ცეცხლის 40-დღიან შეწყვეტას, სანაცვლოდ კი 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას;

მეორე ფაზა ცეცხლის ექვსკვირიან შეწყვეტას ითვალისწინებს და მხარეები უფრო მეტი მძევლის გათავისუფლებაზე უნდა შეთანხმდნენ. იმ პერიოდში კი უნდა განიხილონ ცეცხლის უფრო გრძელვადიანი შეწყვეტა, რომელიც თითქმის ერთ წლამდე უნდა გაგრძელდეს.