დედამიწის ისტორიის ადრეულ ეტაპზე, რაღაც მომენტში, სულ უფრო მზარდად კომპლექსურმა ქიმიურ ნივთიერებათა კრებულმა რაღაც ახალი ხრიკი შეასრულა.
ენერგიის ბიძგით, მათ საკუთარი თავი როგორღაც გარდაქმნეს ენერგიის მწარმოებელ და თვითგამრავლებად უჯრედად. დედამიწის ისტორიის ამ კრიტიკული მომენტის ზუსტი თარიღი მილიარდობით წლიან ისტორიაშია ჩაკარგული.
მეცნიერებას აღმოჩენილი აქვს სიცოცხლის ჯერ კიდევ 4,2-მილიარდ წლიანი მტკიცებულებები, ანუ, როცა პლანეტის წარმოქმნიდან ჯერ მხოლოდ დაახლოებით 250 მილიონი წელიწადი იყო გასული. ციანობაქტერიის უძველესი, განმარხებული მიკრობული „ხალიჩები“, სახელად სტრომატოლიტები 3,7 მილიარდი წლის წინანდელია.
უძველეს ავსტრალიურ ქანებში არის იმის მანიშნებელი იზოტოპური ხელწერები, რომ სიცოცხლე 4,1 მილიარდი წლის წინაც არსებობდა. კანადის მთებში კი აღმოჩენილია 4,28 მილიარდი წლის წინანდელი ძაფოვანი სტრუქტურები, რომლებიც შეიძლება ბიოლოგიური წარმოშობის იყოს.
მეცნიერთა ნაწილი გენეტიკას იკვლევს, რათა დაადგინონ, როგორი იყო დედამიწის პირველი სიცოცხლე. იყენებენ ბოლო უნივერსალური საერთო წინაპრის (LUCA) კონცეფციას, რათა დაადგინონ სიცოცხლის ტრაექტორია.
LUCA ჰიპოთეზური წინაპარი უჯრედია, რომელიც ბაქტერიების, არქეებისა და ევკარიოტების წინამორბედი იყო. LUCA სულ მცირე 3,6 მილიარდი წლისაა და შესაძლოა, უფრო ძველი, 4,3 მილიარდი წლისაც.
დედამიწის ყველაზე ადრეული სიცოცხლის მტკიცებულებათა შესახებ ჯერ კიდევ ბევრი სამეცნიერო დისკუსიაა. სიცოცხლის გამოჩენის ზუსტი ქრონოლოგია ჯერ კიდევ დებატების საგანია.
თუმცა, მიუხედავად ქრონოლოგიის შესახებ არსებული კითხვებისა, ერთი რამ სულ უფრო აშკარა ხდება — ის სწრაფად მოხდა, პლანეტის წარმოქმნიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ.
ახალ კვლევაში, ამერიკელმა ასტრონომმა დევიდ კიპინგმა შეისწავლა დედამიწაზე და დედამიწის მსგავს პლანეტებზე სწრაფი აბიოგენეზის მტკიცებულებები.
„პირველად ისტორიაში, ოფიციალურად გვაქვს მყარი მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, სიცოცხლე სწრაფად აღმოცენდება დედამიწის მსგავს გარემო პირობებში. სიცოცხლის ადრეული დასაწყისი გულუბრყვილოდ მიუთითებს, რომ აბიოგენეზი სწრაფი პროცესია დედამიწის მსგავს პლანეტებზე“, — ამბობს კიპინგი.
თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, თუკი ევოლუციას დაახლოებით 4 მილიარდი წელიწადი სჭირდება ჩვენი მსგავსი გონიერი სიცოცხლის ფორმის წარმოსაქმნელად, გამოდის, რომ დედამიწის ბიოსფეროს შეზღუდული სიცოცხლის ხანგრძლივობა საჭიროებს ჩვენი გამოჩენის ადრეულ დასაწყისს — სუსტი ანთროპული პრინციპის მაგალითი.
სუსტი ანთროპული პრინციპის თანახმად, ჩვენი პლანეტა რომ გონიერი სიცოცხლისთვის შეუფერებელი იყოს, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით. ანთროპული პრინციპის იდეა 1970-იან წლებში შემოიტანა ასტრონომმა ბრენდონ კარტერმა, რომელიც ამბობდა, რომ საქმეში შემთხვევითობა არაა ჩართული და არსებითად, არ არსებობს მიზეზი, რათა ვიკითხოთ, რატომ ვართ აქ.