1 სექტემბერს, მეორე მსოფლიო ომის დაწყების 86-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, გერმანიის მიერ ომის დროს ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად, რეპარაციის გადახდა მოითხოვა.

პოლონეთის პრეზიდენტი, კაროლ ნავროცკი (ცენტრში) მეუღლესთან, მართა ნავროცკასთან (მარჯვნივ) ერთად. ფოტო გადაღებულია 2025 წლის 6 აგვისტოს, პოლონეთის პარლამენტში, ნავროცკის ინაუგურაციის შემდეგვოიტეკ რადვანსკი / სააგენტო „ფრანს პრესი“

ქალაქ გდანსკში (პოლონეთი), ვესტერპლატეს ნახევარკუნძულზე გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნავროცკიმ განაცხადა, რომ ბერლინისგან რეპარაციის გადახდას „ცალსახად“ ითხოვს.

მისი განცხადება სრულ თანხვედრაშია მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) დიდი ხნის მოთხოვნასთან, რომელიც პოლონეთს 2015-2023 წლებში მართავდა და ახლა ოპოზიციაშია.

პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელიც ასევე სიტყვით გამოვიდა ცერემონიაზე, დამსწრეებს ერთიანობისა და მოკავშირეებთან მჭიდრო კავშირისკენ მოუწოდა.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში და პარლამენტის სპიკერი შიმონ გოლოვნიაც ესწრებოდნენ. პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ნატო-სა და ევროპასთან სოლიდარობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინის მხარდაჭერა.

ნავროცკიმ 1939 წლის ომის ფესვები იმ იდეებს დაუკავშირა, რომლებიც XIX საუკუნის გერმანიაში იყო გავრცელებული და ვერმახტის ოფიცრებისადმი ადოლფ ჰიტლერის 1939 წლის 22 აგვისტოს მიმართვა გაიხსენა. მისი თქმით, გერმანიასთან „კარგი ურთიერთობების“ დამყარება რეპარაციის საკითხის მოგვარებაზეა დამოკიდებული.

მან რუსეთში „ნეოიმპერიალიზმის აღორძინების“ საფრთხეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ახლა ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილია და მუშაობს პარტნიორებთან, რომელთა შორის „მეორე მსოფლიო ომის დამნაშავე“ გერმანიაც არის.

თავის მხრივ, ტუსკმა ვესტერპლატეს „წმინდა ადგილი“ უწოდა და განაცხადა, რომ პოლონეთი აღარასდროს უნდა გახდეს იოლი სამიზნე.

„მტრის დამარცხების საუკეთესო გზა ომის გარეშე გამარჯვებაა“, - თქვა მან და პოლონელებს „ძლიერების, სიბრძნისა და ერთიანობისკენ“ მოუწოდა.

„პოლონეთი არასდროს უნდა იყოს მარტო. პოლონეთი არასდროს უნდა იყოს სუსტი“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

კოსინიაკ-კამიშმა კი უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერა პოლონეთის ეროვნულ ინტერესებში შედის და თითოეული დღე, როცა რუსეთის არმია სუსტდება, „მხნეობას გვმატებს და დროს გვაძლევს“, რომელიც პოლონელი ჯარისკაცების მოსამზადებლად უნდა გამოვიყენოთ.

„მხოლოდ ლაპარაკი არ კმარა, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს“, - აღნიშნა მან.

ორშაბათს, პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოსთან ინტერვიუში, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა იმედი გამოთქვა, რომ კომპენსაციის საკითხს „ბედნიერი დასასრული“ ექნება.

ამასთან, მან იკითხა, თუ რატომ „არ ითხოვს ნავროცკი რეპარაციას რუსეთისგანაც“ და დაინტერესდა, თუ რა გააკეთა რეპარაციის საკითხზე ნავროცკის მხარდამჭერმა პოპულისტურ-კონსერვატიულმა პარტიამ (PiS), როდესაც ის ხელისუფლების სათავეში იმყოფებოდა.

მისი თქმით, ასეთი საკითხები პოლიტიკისგან დამოუკიდებლად უნდა წყდებოდეს და „ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს და არა მხოლოდ ისაუბროს“.

„პოლონეთს მორალური უფლება აქვს, რეპარაცია მოითხოვოს, მაგრამ იურიდიულად ეს საქმე უიმედოა“, - მიიჩნევს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა: „მთავრობა მიიჩნევს, რომ გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის, პოლონეთს მორალურად აქვს რეპარაციის მიღების უფლება, მაგრამ ეს საქმე იურიდიულად, სამწუხაროდ, უიმედოა. თუმცა, ჩვენ ვუგულშემატკივრებთ პრეზიდენტის ინიციატივებს და გვსურს, რომ მან შედეგი გამოიღოს“.

სხვა პოსტში მან დაამატა: „მე მაოცებს, რატომ არ ითხოვს ნაციონალისტური ძალა რეპარაციას რუსეთისგან, რომელმაც პოტსდამში პოლონეთისთვის მინიჭებული კომპენსაცია მიითვისა. ეს საინტერესოა“.

1939 წლის 1 სექტემბერს, დილის 4:45 საათზე, გერმანულმა საბრძოლო ხომალდმა „შლეზვიგ-ჰოლშტაინმა“ პოლონეთის სამხედრო საცავს ვესტერპლატეზე ცეცხლი გაუხსნა, რაც მეორე მსოფლიო ომში პოლონურ და გერმანულ ჯარებს შორის პირველ ბრძოლად მიიჩნევა.

პოლონეთის ძალები, მაიორ ჰენრიკ სუხარსკის მეთაურობით, 7 სექტემბრამდე იცავდნენ პოზიციებს.

სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ობიექტის დასაცავად 210-დან 240-მდე პოლონელი ჯარისკაცი იბრძოდა; 15 მათგანი დაიღუპა, დაახლოებით 30 კი დაიჭრა.

გერმანული მხარის დანაკარგი კი ასეთია: დაახლოებით 50 დაღუპული და 120 დაჭრილი ჯარისკაცი.

წყარო: 1 არხი