იმპერატორ ეკატერინე II-ის 300 წლის იუბილემდე ოთხი წლით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა საორგანიზაციო კომიტეტის შექმნის ბრძანება გასცა, რომელსაც საზეიმო ღონისძებების მომზადება ევალება. რუსი ნაციონალისტები „ცარიცას“ მიერ „ქვეყნის კოლოსალურ გაფართოებას“ ადიდებენ და ახალ ეკატერინეს ნატრობენ.
„პუტინს სამი მეტად „სანდო“ პირი ჰყავს: ივანე მრისხანე, პეტრე დიდი და ეკატერინე II დიდი“, -როგორც ამბობენ, ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებისთანავე, შეშფოთებული რუსი ოლიგარქების წრეში გააკეთა. მას შემდეგ ძნელია, ეჭვი შეგეპაროს პუტინის განსაკუთრებულ პატივისცემაში იმპერატორ ეკატერინე II-ის (1729- 1796) მიმართ, რომელიც, სოფია ფრედერიკა ავგუსტა ფონ ანჰალტ-ცერბსტის სახელით, შტეტინშიდაიბადა, რუსეთის ტახტის მემკვიდრე პეტრე III-ზე დაქორწინდა და ერთპიროვნული ძალაუფლება სახელმწიფო გადატრიალების გზით მოიპოვა.
„ყველა ისტორიული ტერიტორია დაბრუნებულია“
ეკატერინეს 300 წლის იუბილემდე ოთხი წლით ადრე, პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმად, „რუსეთის ისტორიისთვის ეკატერინე II-ის მიერ გატარებული რეფორმების დიდი მნიშვნელობის გათვალისწინებით“, ექვსი თვის ვადაში შეიქმნება კომიტეტი, რომელმაც მონარქისთვის სათანადო პატივის მიგება უნდა უზრუნველყოს.
პუტინი იშვიათად უშვებს ხელიდან შესაძლებლობას, შეაქოს ეკატერინე. „მისი მმართველობის დროს, რუსეთმა დაიბრუნა თავისი ყველა ისტორიული ტერიტორია, სამხრეთით და დასავლეთით, რომლებიც დროებით პოლონეთმა ჩაიგდო ხელში“, -განუმარტა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს გასული წლის თებერვალში მიცემულ ინტერვიუში.
ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „სინხუასთან“ საუბრის დროს ეკატერინეს ხსენებით კი, პუტინი პეკინისთვის თავის მოწონებას შეეცადა: „ეკატერინე II-ის მმართველობის დროს, ჩინური ხელოვნება მოდური გახდა. მაგალითად, ეკატერინეს სასახლის ჩინური დარბაზის ინტერიერი - იმპერატორის პირადი პალატები - ჩინეთიდან ჩამოტანილი ლაქის პანელებით მდიდრულად იყო მორთული“.
„იმპერატრიცა ამად ღირს“
პუტინის ბრძანებულების შემდეგ, რუსი ნაციონალისტი და პოლიტიკური ბლოგერი, ოლეგ ცარიოვი (395,000 გამომწერი) აღფრთოვანებით წერდა: „ასეთი წინსწრება ნიშნავს, რომ დღესასწაული, სავარაუდოდ, გრანდიოზული მასშტაბის იქნება, მაგრამ იმპერატრიცა ეკატერინე ამად ღირს. მისი სახელი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის საზღვრების გაფართოებას, შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვებასა და გენერლების, ალექსანდრე სუვოროვისა და ფიოდორ უშაკოვის გამარჯვებებს გვახსენებს“.
სამხედრო ბლოგერი, ბორის როშჩინი (827,000 გამომწერი), ცარიოვის მსგავსად, ეიფორიაშია. „ჩვენი ქვეყნის გაფართოებასა და რუსეთის შემადგენლობაში ყირიმისა და სევასტოპოლის ინტეგრაციაში მისი უდიდესი წვლილის გათვალისწინებით, ჩვენ ეს თარიღი უნდა ვიზეიმოთ“.
„მას ათობით საყვარელი ჰყავდა“
პოლიტიკურმა მიმომხილველმა, სერგეი კოლიაზნიკოვმა (447,000 გამომწერი) ირონიისგან თავი ვერ შეიკავა: „ვაუ, მე ჯერ კიდევ მახსოვს [ექს-პრეზიდენტ] დიმიტრი მედვედევის 2010 წლის ციტატა, რომ რუსეთი ახალგაზრდა, მხოლოდ ოცი წლის ქვეყანაა. ახლა კი, თურმე, ეკატერინე II, რუსეთის ისტორიის შეცვლის გამო, დიდ მნიშვნელობას იძენს“.
ბიზნეს-მიმომხილველი დიმიტრი დრიზეც ირონიით წერს: „ყველაფერი ისე მიდის, როგორც მოველოდით, მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორ ეკატერინე დიდის ქმედებები და ქცევა „ტრადიციულ ღირებულებებსა“ და „სულიერ კავშირებს“ ყოველთვის არ შეესაბამებოდა“.
სანქტ-პეტერბურგის გაზეთ „ფონტანკას“ მკითხველებს კი იმაზე ეცინებათ, ეკატერინეს მიმართ პუტინის სიმპათია „მოულოდნელობას“ რომ წარმოადგენს: „ეკატერინე ვოლტერთან აწარმოებდა მიმოწერას და რამდენიმე ენაზე საუბრობდა. მას მღვდლები არ უყვარდა. კარგით, რაც არის, არის - ამას მნიშვნელობა აღარ აქვს!“ მეორე კომენტატორი ამბობს: „მისი მეფობის ბოლოს, რუსეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა, ფინანსური სისტემა სრულ კოლაფსში იყო. ეკატერინეს ათობით საყვარელი ჰყავდა. ის ხელისუფლებაში სასახლის გადატრიალებით მოვიდა. ამასთან, უცხოელი იყო. ნამდვილი მისაბაძი მაგალითია“.
„რუსეთი ახალ ეკატერინეს ეძებს“
ერთ-ერთმა ანონიმურმა რუსულმა „ტელეგრამ-არხმა“„ივარაუდა“, რომ პუტინს, შესაძლოა, მხედველობაში ჰყავს სხვა ეკატერინე, კერძოდ, თავისი უმცროსი ქალიშვილი პირველიქორწინებიდან: „2029 წლისთვის ქვეყანაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მაგალითად, შეიძლება მოიძებნოს მემკვიდრე ქალი. ხმები „კატერინა ტიხონოვას გარემოცვაზე“ დიდი ხანია ვრცელდება და სულ უფრო დაჟინებით გაისმის“.
ირონიული ტონი აქაც თვალშისაცემია: „სხვას ვის შეიძლება ანდოს ერის მამამ რუსეთი, თუ არა მას, ვინც მამას არასდროს უღალატებს და შეასრულებს ერის გადამრჩენელი და თანამგრძნობი დედის როლს, რომელიც მამის პოლიტიკურ ხაზს არ მიატოვებს, მაგრამ საბოლოოდ მას უფრო რბილსა და მოქნილს გახდის. რუსული სული კვლავ ეძებს დედას, ახალ ეკატერინეს“.
წყარო: 1 არხი