სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აკრიტიკებს მოსამართლეს, რომელმაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი პიტერ კაჟიმირი კორუფციისთვის დააჯარიმა.
ფიცოს განცხადებით, მოსამართლე, შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მის წინააღმდეგ უნდა ჩატარდეს გამოძიება სისხლის სამართლის ქმედებებთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის სპეციალიზირებული სასამართლოს მოსამართლემ, მილან ჩისარიკმა 200 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა კაზიმირს, რომელსაც ბრალად ედება ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს საგადასახადო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოსყიდვა. კაჟიმირი ბრალდებებს უარყოფს.
„მოსამართლის გადაწყვეტილება აჩენს კითხვებს, ემსახურება თუ არა ეს ოპოზიციის პოლიტიკურ მიზნებს, ზიანი მიაყენოს მმართველ პარტიას, რადგან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც კი დაინახავს ვერდიქტის ფატალურ სისულელეს“, – აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. კაჟიმირს ანიშნულ თანამდებობაზე ვადა პირველ ივნისს ეწურება, თუმცა ის პოსტზე შემცველის დანიშვნამდე დარჩება.
ცნობისთვის, პიტერ კაჟიმირს ბრალად ედებოდა 2017 წელს ფინანსური ადმინისტრაციის მაშინდელი ხელმძღვანელისთვის, ფრანტიშეკ იმრეჩესთვის 50 ათასამდე ევროს ოდენობის ქრთამის მიცემა. გამოძიების ცნობით, მან იმრეჩეს ქრთამი მისცა რამდენიმე კომპანიის საგადასახადო პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, რათა აღნიშნულ კომპანიებს სამ მილიონ ევროზე მეტის ოდენობის დღგ-ის ჩათვლაში დახმარებოდა.
წყარო: 1tv.ge