ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ გამოვხატოთ რუმინეთის შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
„რუმინეთი აღარ გასცემს დიპლომატიურ პასპორტებს საქართველოსთვის და ეს არის ორმხრივი გადაწყვეტილება. შეშფოთებულები ვართ, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ასევე გვაქვს გამოცდილება ჩვენს ქვეყანაში, რომ მნიშვნელოვანია მოქალაქეების წახალისება, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მხარს უჭერდნენ ევროკავშირს, მხარს უჭერდნენ თავიანთი დემოკრატიის მედეგობას. ამ შემთხვევაში ჩვენ მხარს ვუჭერთ პროპორციულ ზომებს და ისეთ ზომებს, რომელთა შეცვლაც შესაძლებელია, რადგან ჩვენ ასევე გვჯერა საქართველოს ევროკავშირის გრძელვადიანი გზის“, - აღნიშნა მინისტრმა.
კითხვაზე, როგორია რუმინეთის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების მაგიდაზე არსებულ ერთ-ერთ ვარიანტთან, უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით, რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ზომებს, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. ჩვენს შემთხვევაში, ვახდენთ ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან. ვნახოთ, რა შედეგი იქნება საუბრის შემდეგ დღის ბოლოს“, - აღნიშნა მინისტრმა.