გამოცემა Telegraph-თან ინტერვიუში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალმა კით კელოგმა რუსეთ-უკრაინის ომზე, აშშ-ს სტრატეგიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ილაპარაკა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა იგი აშშ-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის შეფასებას, რომ თუკი რუსეთი უკრაინას დაიპყრობს, პუტინი NATO-ს ქვეყანასაც დაესხმება თავს, კელოგმა უპასუხა, რომ "აბსოლუტურად," რადგან რუსეთი ექსპანსიონისტური ძალაა.

"აბსოლუტურად. პუტინსა და რუსეთს, როგორც ექსპანსიონისტურ ძალებს, ისე უნდა შეხედოთ. მას [პუტინს] რუსეთის იმპერიის აღდგენა უნდა - უბრალოდ ისტორიას შეხედეთ. ერთ სანტიმეტრს მისცემ და კილომეტრს წაიღებს" - ამბობს ამერიკელი გენერალი და მეორე მსოფლიო ომს იხსენებს.

"მეორე მსოფლიო ომს მაგონებს. 1938 წელს მიუნხენში ჰიტლერმა თქვა, რომ მხოლოდ სუდეტის მიწები უნდოდა. შემდეგ რაინლანდი, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ მეორე მსოფლიო ომში აღმოვჩნდით. ისტორია არ მეორდება, მაგრამ ნამდვილად ირითმება. სწორედ ეს ხდება უკრაინაშიც. ჩვენ ის [პუტინი] ახლავე უნდა შევაჩეროთ" - დაამატა მან