სამოქალაქო ინდუსტრიები ზედიზედ მეხუთე თვეა ეცემა. მაშინ, როდესაც სამხედრო ქარხნები ზღვარზე მუშაობენ, ეკონომიკის დანარჩენი ნაწილი, თანდათან იყინება - ავტოინდუსტრიიდან დაწყებული მსუბუქი მრეწველობით დამთავრებული - წერს რუსული პრესა.
ექსპერტები საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ტანსაცმლის, სამშენებლო მასალების, სასოფლო-სამეურბეო ტექნიკისა და ავტომობილების წარმოების შემცირებაზე განგაშს ტეხენ. ეს ყველაფერი ინფლაციის, ბიუჯეტის დეფიციტისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის ფონზე ხდება.
სიტუაცია ჩვენს თვალწინ უარესდება - წერს რუსული გამოცემა The Moscow Times, ხოლო მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრი (ЦМАКП), მიმდინარე მოვლენებს პირდაპირ „მოთხოვნის კრიზისს“ უწოდებს.
ცნობილი რუსი ეკონომისტი ალექსანდრე ვინოგრადოვი კიდევ უფრო საგანგაშო სურათს ხატავს: სამთო-მოპოვებითი მრეწველობიდან და მეტალურგიიდან დაწყებული, მექანიკური ინჟინერიით დამთავრებული - მოთხოვნის კლება იწვევს წარმოების, ტრანსპორტირების და მოგების კლებას.
მომპოვებითი მრეწველობა სახელმწიფო მხარდაჭერას ითხოვს, საცალო ქსელები ფასების ზრდას ებრძვიან, რუსეთის რკინიგზის სატვირთო გადაზიდვები, რაც სამრეწველო აქტივობის ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, სტაბილურად მცირდება, კომპანიების მოგება კი სწრაფად მცირდება.
ვინოგრადოვი სარკაზმით აღნიშნავს, რომ ზოგადად ეკონომიკის თვალსაზრისით, მთავრობის ამჟამინდელი პოლიტიკა "შიზოიდური" ხასიათისაა. ის წერს: "ფული, დიდი რაოდენობით მიედინება შერჩეულ ინდუსტრიებსა და ჯიბეებში; რესურსები მიედინება შერჩეულ ინდუსტრიებსა და აქტორებში, რადგან მათ ეს ძალიან დიდი ფული აქვთ; შემდეგ, სამომხმარებლო ინდუსტრიები, ბუნებრივია, განიცდიან სახსრებისა და რესურსების ნაკლებობას, წარმოება მცირდება, ფასები იზრდება, მაგრამ შერჩეულებს ამის საშუალება აქვთ, ხოლო არაშერჩეულებს - არა. ამავდროულად, საბოლოო მომხმარებლები არ მოიხმარენ რეალურ ფულს (ბრილიანტს ვერ შეჭამ), არამედ საქონელსა და მომსახურებას. საქონელთან დაკავშირებით კი სირთულეებია".
რუსეთი კვლავ მიჰყვება საბჭოთა კავშირის მილიტარიზაციის გზას, რაც სამოქალაქო მრეწველობას სწირავს. თუმცა, თუ მოსახლეობის მოთხოვნა კვლავ შემცირდება, ვერცერთი ტანკი ვერ გადაარჩენს ეკონომიკას გაჭიანურებული კრიზისისგან - ასკვნიან ექსპერტები..