le10sport-ის მთავარმა რედაქტორმა, ალექსის ბერნარმა სტატია გამოაქვეყნა „სენტ-ეტიენის“ ყველაზე მოთხოვნად მოთამაშეებზე, ზურიკო დავითაშვილსა და ლუკას სტასინიზე.
„ლიგა 2-ში გავარდნის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ აქვს ამბიცია, 2026 წელს ლიგა 1-ში დაბრუნდეს. თუმცა მისი ორი ვარსკვლავის, ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასინის ირგვლივ სატრანსფერო აჟიოტაჟი არ წყდება.
საინტერესოა, რომ დღემდე „სენტ-ეტიენს“ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება არ მიუღია. კლუბი უარს ამბობს ბელგიელი თავდამსხმელის, ლუკას სტასენის გაშვებაზე, დავითაშვილს კი იმ შემთხვევაში შეელევიან, თუ კლუბი 15–20 მილიონ ევროს მიიღებს“, – წერს le10sport-ის მთავარი რედაქტორი.
თურქული გამოცემის, Fotospor-ის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილის შეძენის სურვილი ლისაბონის „სპორტინგმაც“ გამოთქვა და შესაძლოა, ის გიორგი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი გახდეს.
როგორც გამოცემა წერს, დავითაშვილით, პორტუგალიური გრანდის გარდა, დაინტერესებულია „ბეშიქთაში“, ასევე – ფრანგული „რენი“ და „სტრასბურგი“. ქართველმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში 33 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.