რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში,  გასტრონომიის სექტორზე საფეხბურთო წარმატების გავლენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 26 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოზე დაინტერესება გაიზრდება.

„26 მარტის გამარჯვება, ნამდვილად ისტორიული ფაქტია. ის ფაქტი, რომ ევროკავშირში შესასვლელად ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ეს ნაბიჯი ჩვენმა ფეხბურთელებმა პირდაპირი მნიშვნელობით გადადგეს.

ეს არის ის გაგრძელება, რასაც ჩვენი ქვეყანა დადებითად მოიმკის. ეს გამარჯვება დიდი მარცვალია, რომელსაც აღმოცენება ნამდვილად ექნება და დიდ ფოთლოვან ტყედ იქცევა, რომლის ჩრდილქვეშ  (დადებითი ასპექტით) ქვეყანა მოექცევა“.

მისი თქმით, მატჩის დღეს, კაფე-რესტორნებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, ვინაიდან ეკონომიკას ემოცია ამოძრავებს. 26 მარტს, ქვეყნის მასშტაბით 500 000 ლიტრი ლუდი გაიყიდა.

„მატჩის დღეს, კაფე-რესტორნებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. ფეხბურთი განსაკუთრებული თემაა, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სპორტის უსაყვარლესი სახეობაა.

ერთ-ერთი ლუდის მწარმოებელი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, რომ მხოლოდ ამ დღეს, 500 000 ლიტრი ლუდი გაიყიდა საქართველოს მასშტაბით. ეს ეკონომიკაში ძალიან დიდი შემოსავალია. 

დარწმუნებული ვარ, იმ დღეს, იმ შემთხვევაში, ადამიანებმა რაღაცისთვის გადადებული ფული, ამ მიმართულებით, მათი სიამოვნებისთვის მიმართეს და ეს არის ზუსტად ის, რაც ეკონომიკას ამოძრავებს. ეკონომიკა მხოლოდ და მხოლოდ ინვესტიცია არაა. ეკონომიკას სწორედაც რომ ემოცია ამოძრავებს. (როცა სტიმულირებულია ეკონომიკა, ეს გამოწვეულია ბევრი სიხარულით)“.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ირიბ ზეგავლენაში შეიძლება ისიც ჩაითვალოს, რომ ამ წარმატებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უფრო სერიოზულად დაგველაპარაკებიან და რეალურად აღგვიქვამენ.

„ირიბ ზეგავლენაში შეძლება ჩაითვალოს ის, რომ ამ წარმატებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნის წარმომადგენლები, უფრო სერიოზულად დაგველაპარაკებიან და რეალურად აღგვიქვამენ.

ჩვენი ქვეყნის წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ბევრი ქვეყანა აღიქვამს, როგორც განსაკუთრებულს. საქართველომ თუ შეძლო, ეს იმას ნიშნავს, რომ სწორი გზით მიდის.

მსოფლიო პრესა აჭრელდა. საქართველოს ყველა ულოცავდა გამარჯვებას. ჩვენი გუნდის დებიუტანტობის მიუხედავად, ასეთი აჟიოტაჟი სხვა ქვეყნის გუნდების დებიუტანტობის დროს არ ყოფილა.

თუნდაც, წინა შემთხვევაში, მაკედონია როცა გავიდა საქართველოს მაგივრად, არ ყოფილა ამხელა აჟიოტაჟი, მიუხედავად იმისა, რომ ისიც დებიუტანტი იყო.

საქართველოს ყველა ლუპით უყურებს (დადებითი კუთხით). ეს ქვეყნისთვის იმოქმედებს დემოკრატიული, ეკონომიკური მრავალი სხვა ასპექტით.

ამ მცირე დროის მიხედვით რომ შეფასდეს, ბედნიერების ინდექსში, საქართველო პირველ ადგილზე იქნება“.