"აშშ-ში გაყიდვების გაზრდასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების ფინალურ ეტაპზე ვართ. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ე.წ. გალფის რეგიონთან, კონკრეტულად არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, სადაც რამდენიმე მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს", - ამის შესახებ ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გუდაბანძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანიის მიზანია, აღნიშნულ ქვეყნებში წლის ბოლომდე, მინიმუმ თითო შეკვეთა მაინც გაიგზავნოს.
"მაისის" კომერციული დირექტორი გაყიდვების მიმართულებითაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე 100%-ით გაიზარდა.
"საექსპორტო ბაზარს, რაც შეეხება - ექსპორტზე აშშ-ში, გერმანიასა და ისრაელში გავდივართ. მინდა გითხრათ, რომ ყველაზე დიდი საექსპორტო წილი ისრაელში გვაქვს. ირან-ისრაელში მიმდინარე არეულობის ფონზე, აღნიშნულ ქვეყანაში პროდუქციის მიწოდების დრო სტანდარტულთან შედარებით გაიზრდება. აღნიშნული კუთხით, მაინც დადებითი ტენდენციაა, რადგან პარტნიორებს თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამთ.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე ძალიან დიდი ზრდა გვაქვს, კერძოდ, 100%-ით გავიზარდეთ და ვვარაუდობთ, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მაღალ ნიშნულს მივაღწევთ.
დიდი ხანი არაა, რაც საექსპორტო მიმართულება დავიწყეთ, დაახლოებით, 1 წელია და ექსპორტის მიმართულება განსაკუთრებით იზრდება, ამ ყველაფრის პარალელურად, ჩვენდა სასიხარულოდ, ადგილობრივი ბაზარზეც ვიზრდებით და ვვითარდებით. აღნიშნულის მიზეზი კი, პირველ რიგში, პროდუქციის ხარისხი, პარტნიორებთან ურთიერთობის მოქნილობა და სწორი გაყიდვების სტრატეგიაა. საექსპორტო ბაზრების გააქტიურებას ვგეგმავთ, ყოველი წლის ბოლოს, ჩვენი გუნდი სტრატეგიას ვათანხმებთ და მთელი წლის განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობთ", - აცხადებს გიორგი გუდაბანძე.
კომპანიის კომერციული დირექტორი "ბიზნესპარტნიორთან" ასევე ხაზს უსვამს, რომ "მაისი" ასორტიმენტის გაზრდის მიმართულებით მუდმივად მუშაობს.
"დაახლოებით 10-მდე დასახელების წვენი გვაქვს. აღნიშნული მიმართულებით, მუდმივად ვვითარდებით და ახალ არომატებს ვამატებთ - დატესტვის რეჟიმში ვართ, რომ ახალ-ახალი მიმართულება ავითვისოთ და მომხმარებლების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მიმართულება გვაქვს, რომელიც მომხმარებლებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია. მაგალითად, ვაშლის წვენი, მულტი მიქსი: ვაშლის, სტაფილოსა და ფორთოხლის მიქსი, ასევე საკმაოდ მოთხოვნადია - ფორთოხლის წვენი, ვაშლისა და ჯინჯერის მიქსი და ა.შ. ნედლეულს, რაც შეეხება, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა, პარტნიორი ქვეყნებიდან ვყიდულობთ. მათ შორისაა თურქეთი, გერმანია.
ადგილობრივ ბაზარზე ბევრი მიმართულებით ვართ წარმოდგენილი, პირველ რიგში, საცალო ქსელებში, მაგალითად, "ნიკორა", "გუდვილი", "აგროჰაბი", Subway, Dunkin, Horeca მიმართულებით რამდენიმე კაფეში, ასევე ჩვენი წვენები ჟირაფი ჟოზეს ეტიკეტით საქართველოს მასშტაბით ფართოდაა ხელმისაწვდომი საცალო ქსელებში", - აღნიშნავს გიორგი გუდაბანძე.
ცნობისთვის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „მაისი“ ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს.