თბილისში, ახალი სავაჭრო ცენტრის - "ავტოგრაფ მოლის" მშენებლობის პროცესში "გუდვილი" ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" Cushman & Wakefield-ის რითეილ მიმართულების ხელმძღვანელმა გვანცა ფოცხვერიამ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჰიპერმარკეტი "გუდვილი" სავაჭრო ცენტრში დარჩება და მეტიც, ის პროექტის ერთ-ერთ მთავარ მოიჯარედ მოიაზრება.
"მშენებლობის ეტაპები და გეგმა ისე შემუშავდა, რომ ჰიპერმარკეტს არ ექნება წყვეტა. რაც შეეხება, მოლის არქიტექტურას, სრულიად განსხვავებული იქნება არსებულისგან, როგორც ეს რენდერებშია. პროექტის არქიტექტურაზე იმუშავა Hausart Design-მა. „ავტოგრაფ მოლში“ სრულიად „გუდვილი“ განახლებული ფორმატით იქნება წარმოდგენილი", - აცხადებს გვანცა ფოცხვერია.
კომპანიის რითეილ მიმართულების ხელმძღვანელის ცნობით, "ავტოგრაფ მოლის" კონცეფციაზე Cushman & Wakefield-ის გუნდმა იმუშავა და კონცეფცია ვიზიტორების სრულ კომფორტზეა მორგებული.
"სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები, სავაჭრო ობიექტები, კაფე-რესტორნები, გასართობი სივრცეები და რაც მთავარია, ბავშვთა გასართობი ზონა. კონცეფციის შემუშავებისას, ვეცადეთ, პროექტში მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა საერთაშორისო ბაზრის უახლესი ტენდენციები და გამოცდილებები. Cushman & Wakefield პროექტის ექსკლუზიური პარტნიორია, ჩვენი გუნდი განაგრძობს პროექტზე მუშაობას და მიმდინარე წლის ბოლოდან დავიწყებთ გაქირავების კამპანიას", - აღნიშნა კომპანიის რითეილ მიმართულების ხელმძღვანელმა.
ამასთან, გვანცა ფოცხვერიას თქმით, პროექტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, ხოლო დასრულება 2028 წელს არის დაგეგმილი. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას - როგორც კომპანიის რითეილ მიმართულლების ხელმძღვანელი აღნიშნავს - "ავტოგრაფ მოლის" სრული საინვესტიციო ღირებულება 185 მლნ ლარს შეადგენს და პროექტის განვითარებას დეველოპერი კომპანიები: "ბლოქსი", "ავტოგრაფი" და "აპკო" უზრუნვეყოფენ.
ცნობისთვის, "ავტოგრაფ მოლის" პროექტი დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე – თბილისში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ რაიონში განხორციელდება, სადაც ამჟამად ჰიპერმარკეტი "გუდვილი" და სხვა სავაჭრო ობიექტები ოპერირებს. პროექტი მოიცავს: მიწის ნაკვეთი: 43,100 მ², სამშენებლო მოცულობა დაახლოებით: 60,000 მ², სამსართულიანი სავაჭრო სივრცე. პროექტს ახორციელებენ დეველოპერული კომპანიები: BLOX-ი, Autograph-ი და UPCO Development-ი, არქიტექტორი – "ჰაუსარტ დიზაინი".