მეღვინეობა "ითაბანის" დამფუძნებლის, რატი კოჭლამაზაშვილის ინფორმაციით, მცირე მარნებს უზარმაზარი კონკურენციის პირობებში, ბაზარზე გადარჩენა თუ სურთ, ბიო მევენახეობის ხაზის მიმართულებით უნდა განვითარდნენ, რადგან ნატურალური პროდუქტის შეძენით, განსაკუთრებით მაღალმხარჯველუნარიანი უცხოელი მომხმარებლები ინტერესდებიან.

რატი კოჭლამაზაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" გამოწვევების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ბიო მევენახეობის განვითარება დიდ ცოდნას მოითხოვს და ჩვეულებრივ ვენახთან შედარებით, სპეციფიკური მოსავლელია.

"მომხმარებლებს, როდესაც ქართულ ღვინოს შევთავაზებთ ხარისხი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, შემდეგ უკვე ჩვენი ისტორია და მარკეტინგული ჩართულობა მოდის. ღვინის სამშობლო ვართ და როგორც აზიელი, ასევე ევროპელი ტურისტები ამ ყველაფერს აფასებენ. რაც შეხება, უშუალოდ ბიო მევენახეობის განვითარებას -  ჩემი მარანი სრულად ბიო მევენახეობას მიყვება. მცირე მარნები აღნიშნული ხაზის განვითარებით განსაკუთრებით უნდა დაინტერესდნენ, მხოლოდ ეს შესაძლებლობა აქვთ. თუ გვინდა ჩვენ (მცირე მარნები) ბაზარზე გადავრჩეთ მაღალი ხარისხის პროდუქტი უნდა ვაწარმოოთ! მაღალი ხარიხის ღვინო კი ნატურალურ მეღვინეობას უკავშირდება. აღნიშნულ ხაზს თავისი, მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც შრომას აფასებს, მაღალმხარჯველუნარიანია და 1 ბოთლის გასაყიდი ფასიც მაღალია. "ითაბანში" ღვინის ფასის დიაპაზონი 25-დან 40 ლარამდე მერყეობს. ჩემი მარნის ფილოსოფიაა: ნატურალური ღვინო ვაწარმოოთ", - აღნიშნავს მეღვინე.

რატი კოჭლამაზაშვილი უშუალოდ ტურისტების რაოდენობასაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ მარანში ვიზიტორების რაოდენობა 20%-ით შემცირდა. ფაქტის გამომწვევ მიზეზს კი, კომპლექსურ საკითხს უკავშირებს. 

"ღვინოს ტრადიციული მეთოდით, ქვევრში ვამზადებთ, სულ 3 ტიპის გვაქვს: რქაწითელი, ქისი და საფერავი. ზოგჯერ, ყურძენს დამატებით ადგილობრივი მევენახეებისგან ვყიდულობთ. ჯერჯერობით, ღვინოს მხოლოდ ადგილზე ვყიდით, თუმცა წელს ვენახი მსხმოიარობაში შევიდა და ადგილობრივ ბაზარზე გამოვჩნდებით. რაც შეეხება ვიზიტორებს, 80%-ი  უცხოელები გვსტუმრობენ, დანარჩენი  20%-ი  ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. უცხოელი ვიზიტორები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან არიან, მოკლედ, ევროპის ქვეყნები აქტიურობს. ქვევრის, ბიო ღვინო უცხოელ ვიზიტორებს განსაკუთრებით მოსწონთ. ამასთან, მარანში ვიზიტორების რაოდენობის შემცირება კომპლექსური საკითხია და ზუსტად რა ასპექტმა გამოიწვია თქმა გამიჭირდება", - აღნიშნავს მეღვინე.

ცნობისთვის, ღვინის მარანი "ითაბანი" ახმეტის რაიონი სოფელი ქვემო ალვანში მდებარეობს. ვენახის ფართობი 1 ჰექტარს მოიცავს და 3 ტიპის ღვინოს რქაწითელს, ქისსა და საფერავს აწარმოებს.

ბიზნესპარტნიორი