ქართველ ბიო პროდუქტების მწარმოებლებს პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრების მოძიება უჭირთ. გამოწვევას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მთავარი სერტიფიკატის ხარჯია, რომელიც პროდუქციის ექსპორტზე გასატანად აუცილებელი პირობაა. ბიო მწარმოებლები ჯგუფებს ქმნიან და სერტიფიკატს ჯგუფურად იღებენ, რაც მათ ხარჯს უმცირებს, თუმცა შემდეგ სხვა გამოწვევის წინაშე დგებიან. ეს სარეალიზაციო ბაზრების მოძიებაა. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სახელმწიფო პროგრამა ჯგუფურ სერტიფიცირებას არ აფინანსებს, რის გამოც მეწარმეები ინტერესს კარგავენ.

,,სახელმწიფო პროგრამა ჯგუფურ სერტიფიცირებას არ აფინანსებს. ამ დროს თითოეული მეწარმე, ოპერატორი იმდენად პატარაა, რომ რთულია მისთვის, სერტიფიცირების ეტაპზე გადავიდეს და შემდეგ ექსპორტი განახორციელოს. აღარ უღირთ მერე. გვყავდა მეფუტკრეები, რომლებსაც ბიო წარმოების სერტიფიკატი ჰქონდათ. გარდამავალ ეტაპზე იყვნენ, მაგრამ შეაჩერეს, რადგან ძალიან ძვირი ჯდება და გარდამავალ ეტაპზე, სანამ ბაზარზე გავლენ ამ პერიოდში ხელშეწყობა არ აქვთ. ამიტომ ინტერესიც აღარ არის.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი აცხადებს, რომ ფაროსანასთან ბროლის პერიოდში 600 კაციანი ჯგუფის შენარჩუნება შეძლეს. ჯგუფი ბიო თხილის მწარმოებლებს აერთიანებდა, რომლებსაც ევროპულ ბაზარზე პროდუქცია შვეიცარიული კომპანიის დახმარებით გაჰქონდათ. თუმცა ეს კომპანია ახლა თავად ეძებს ბაზრებს, სადაც თხილის რეალიზებას შეძლებს. შენარჩუნდება თუ არა ეს ჯგუფი? მისი მომავალი ახლა ბუნდოვანია.

,,სრულიად წარმოუდგენელ პირობებში ფაროსანასთან ბრძოლის პერიოდში შევძელით და შევინარჩუნეთ 600 კაციანი თხილის ბიო მწარმოებლების ჯგუფი. ისინი ექსპორტზეც გავიდნენ. აქვთ სერტიფიკატი როგორც ბიო, ასევე სამართლიანი ვაჭრობის, თუმცა პროექტი დასრულდა და არ იყო საკმარისი მარკეტინგული მხარდაჭერა ამ პროექტის. ამიტომ არ ვიცი ეს ჯგუფი შენარჩუნდება თუ არა. წელს ისევ შეტანილია განაცხადი. იმედია შენარჩუნდება. ყველა თუ არა ნაწილი მაინც. სერტიფიცირების ხარჯი საკმაოდ მაღალია, თუმცა რადგან 600 ადამიანია გაერთიანებული (შეიძლება 500 დარჩა) თითოეულს დიდი თანხა არ მოუწევს. დაახლოებით 250 000 დოლარზეა საუბარი. ჯგუფის გაკეთება ეკონომიურია, რადგან თითოეულ მეთხილეს 20 000 დოლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს სერტიფიკატში. ინდივიდუალურად რომ აიღონ სერტიფიკატი მოუწევთ 250 000 დოლარის გადახდა, მაგრამ რადგან ნაწილდება ჯგუფზე ბევრად ნაკლები გამოდის. კიდევ არის სხვა ხარჯები. არის გარკვეული პრობლემები, რომელიც მხარდაჭერას საჭიროებს. მათ შორის მარკეტინგულ მხარდაჭერასაც. წელს იყო პრეზენტაცია თხილის შესახებ. არსებობს რაღაც კონტაქტები, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით ვინ შეისყიდის. შვეიცარიული ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი იყო. ეს არის ევროპაში იმპორტიორი კომპანია. მათ გააქვთ ევროპაში პროდუქტი, მაგრამ ისინიც არიან ბაზრის მოძიების ეტაპზე. ისინი უხდიან დამატებით გადასახადს, როდესაც ჩაიბარებენ თხილს, მაგრამ ამ სისტემამ კარგად რომ იმუშაოს, თხილიც კარგად უნდა გაიყიდოს. ჯერჯერობით ეს სრულად არ არის მიღწეული.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” დირექტორი აცხადებს, რომ მეწარმეებსა და ფერმერებს ბიო პროდუქტების ევროპულ ბაზარზე გასატანად საჭირო სერტიფიკატის აღების მოტივაცია არ აქვთ, რადგან ბიო პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტურია და მასზე მოთხოვნა მაღალია. ამ გარემოების გათვალისწინებით, ისინი საქართველოშიც მარტივად ყიდიან ბიო პროდუქტებს, რის გამოც სერტიფიკატის ასაღებად საჭირო დამატებითი ხარჯების გაწევის სურვილი აღარ აქვთ.

,,ძირითადად საექსპორტო პროდუქტებისთვის იღებენ ბიო სერტიფიკატებს. გვყავდა 2 წევრი, რომლებსაც ბიო ბოსტნეული მოჰყავდათ, მაგრამ დაანებეს თავი, რადგან ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე სწრაფად მოიპოვეს ცნობადობა. პირდაპირ მათგან ყიდულობენ და მათ დამატებითი ხარჯის გაღება აღარ სჭირდებათ. სერტიფიკატი რისთვის გჭირდება? იმისთვის, რომ უკეთეს ბაზარზე გახვიდე. როდესაც ისედაც ნაკლებობაა ბიო პროდუქციის და ვიღაცები პირდაპირ კონტაქტზე გამოდიან შენთან, აღარ გჭირდება კიდევ ვიღაცას ეხვეწო, რომ სერტიფიკატი მომეციო და გარკვეული ადმინისტრაციული ხარჯები გასწიო ამაზე.’’- აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.