„აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სამშენებლო ბაზარზე გამოცოცხლებაა. ვლადიმერ რობაქიძე ამბობს, რომ 2024 წლის ბოლო კვარტალი სექტორისთვის რეალიზაციის მიმართულებით საკმაოდ პასიური აღმოჩნდა, თუმცა მიმდინარე წელი აქტიურად დაიწყო. „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი განმარტავს, რომ ბაზარზე გააქტიურება მომხმარებლის ქცევამ განაპირობა, რომლებიც შესწავლისა და დაკვირვების შემდეგ უძრავი ქონების შესყიდვის ეტაპზე გადავიდა.
,,2024 წლის ბოლო პერიოდში შეჩერებული იყო ბაზარი. მომხმარებელი აკვირდებოდა სიტუაციას და ეს მომხმარებელი არსად დაკარგულა. ის რაც უნდა გაყიდულიყო 2024 წლის ბოლოს და ის კლიენტები, რომელიც ეძებდნენ ბინებს და აკვირდებოდნენ ბაზარს, არ დაკარგულან და ახლა გამოჩნდნენ ბაზარზე. ამან განაპირობა ბაზრის გამოცოცხლება. მაგალითად, როგორც პანდემიის პერიოდში იყო შეჩერებული უძრავი ქონების ბაზარი, ის მომხმარებელი, რომელსაც უნდოდა ბინის შეძენა ხომ არსად არ დაკარგულა და როგორც კი პანდემია დასრულდა იყიდეს ბინები. მაშინაც ამიტომ მოხდა დაწოლა უძრავ ქონებაზე. შესაბამისად, ახლაც ასე ხვდება. ბაზარი გააქტიურდა 2024 წლის ბოლო პერიოდის ხარჯზე.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.
„აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი კომპანიამ გაყიდვების 15%-იანი ზრდით დაასრულა. ვლადიმერ რობაქიძე ამბობს, რომ აქტიურად იყიდება ბინები ისეთ პროექტებში, რომლებიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია ან რომელთა მშენებლობაც ახლა დაიწყო.
,,2025 წლის პირველი კვარტალი გაყიდვების 15%-იანი ზრდით დავასრულეთ. ჩვენი პროექტები, რომლებიც უკვე დასრულებისკენ მიდის მაგალითად, ნუცუბიძეზე გვაქვს პროექტი, რომელსაც უკვე ვასრულებთ, იქ პრაქტიკულად 90% უკვე გაყიდულია. პროექტი, რომლის მშენებლობაც ახლა დავიწყეთ, იქ ბინების 30%-ზე მეტი უკვე გაყიდული გვაქვს. ახალი პროექტი დავიწყეთ ისანში. ჯერ საძირკველი არ ამოგვიღია და საკმაოდ აქტიურად იყიდება. ვფიქრობ, რომ 2025 წელი საკმაოდ კარგად დაიწყო.’’- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.