ბოლო წლები ტექსტილი მწარმოებლებისთვის გამოწვევების სავსე აღმოჩნდა. როგორც „კომერსანტს“ ქუთაისში მდებარე სამკერვალო კომპანია „იმერი“-ში განუცხადეს, მსოფლიო მასშტაბით ტანსაცმელზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე საერთაშორისო ბრენდებმა ბიზნეს პროცესები შეცვალეს და აქცენტი შედარებით ბიუჯეტურ საწარმოებზე გააკეთეს. 

ქართულმა სამკერვალო კომპანიამ „იმერი“ საერთაშორისო ბრენდ Moncler-თან თანამშრომლობა გასული 2022 წლის ბოლოს დაიწყო. სამკერვალო „იმერის“ კომერციული დირექტორი, ზაზა გვენეტაძე ამბობს, რომ შეკვეთები განახევრებულია, რადგან თავად დამკვეთების პროდუქციაზე მოთხოვნამ იკლო. 

„იტალიურ ბრენდთან ვთანამშრომლობთ და შეკვეთები თითქმის განახევრებულია. ზოგადად, მთელს მსოფლიოში ტექსტილისთვის ცუდი პერიოდია. ევროპელები პროდუქციას ვეღარ ყიდიან, მათ შორის ვის შეკვეთასაც ჩვენ ვასრულებთ, მოთხოვნა შეუმცირდათ. იტალიურ ბრენდთან ვთანამშრომლობთ, ქალის და მამაკაცის ქურთუკებს ვკერავთ და არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა. თუმცა ამ ეტაპზე, შეკვეთების არსებული რაოდენობები თუ შევინარჩუნეთ, ესეც კარგი იქნება“,- ამბობს ზაზა გვენეტაძე.

სამკერვალოს წარმომადგენელი კადრების დეფიციტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არასახარბიელო გავლენა 40-საათიან სამუშაო კვირაზე გადასვლამაც მოახდინა, რადგან რიგ შემთხვევებში კომპანია შეკვეთების შესრულებას ამ დროში ვერ ახერხებს, დამატებითი სამუშაო კი ზეგანაკვეთურად უნდა აანაზღაუროს. გარდა ამისა, მისი თქმით, სამკერვალო სფეროში კადრების კვალიფიკაციის პრობლემაც დგას.