დეკორატიული და მოსაპირკეთებელი მასალების მწარმოებელი „ჯეონიუსტილის“ მთლიანი აქტივი აუქციონზე 78 967 ლარად იყიდება.

აუქციონის აღწერის მიხედვით, „ჯეონისუტილი“ აწარმოებდა ახალი ტიპის, ინოვაციურ დეკორატიულ აგურს.

„მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული საწარმო (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას.

შპს „ჯეონიუსტილი“-ს სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:

  • პოლიესტერი PETG 1.00*2500*1250 (პრიალა, veralite 200,1, გამჭვირვალე) (75 ერთეული);
  • კომპრესორი F50 (50 ლტ) (ერთი ერთეული);
  • ყალიბის დასამზადებელი მანქანა (ერთი ერთეული);“, - ნათქვამია აუქციონის აღწერაში.

გასაყიდ ქონებას შორის ქარხანა, ან მიწა არ მოიაზრება.

აღსანიშნავია, რომ:

  • აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ისოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
  • აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის.
  • პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).
  • ასევე, გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.

აუქციონი 5 აპრილს დასრულდება.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის „ჯეონიუსტილის“ წილის 49.4%-ს შპს სტარტაპ საქართველო ფლობს, რომელიც სს საპარტნიორო ფონდის (ახლანდელი საქართველოს განვითარების ფონდი) 100%-იანი საკუთრებაა. გარდა ამისა, 25.3%-ს ფლობს რომეო ცინცაძე, 25.3%-ს კი კახაბერ თუთბერიძე.