თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კისისხევში შაბათს ახალი მარანი "კისისხევი" იხსნება. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" მარნის წარმომადგენელი, ნინო გრძელიშვილი აღნიშნავს, საქართველოში საოჯახო მარნების გახსნა, განვითარება და პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

მარნის წარმომადგენლის თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 300 000 ლარია.

"დიდი იმედებით ველოდებით საოჯახო მარნის გახსნას. ამ ეტაპზე, გახსნისთვის ვემზადებით და შაბათ, ან კვირას სტუმრების მისაღებად ოფიციალურად მზად ვიქნებით. მინდა გითხრათ, რომ კისისხევი ძალიან საინტერესო სოფელია, უძველესი კულტურული ძეგლები გვაქვს... სოფელს ამავდროულად, ძალიან ბევრი ვიზიტორი ჰყავს, ადგილზე ბევრი მარანი და სასტუმროცაა, შესაბამისად, კონკურენციაც მაღალია. წინ საინტერესო გეგმები გვაქვს, პირველ რიგში, მარნის დარბაზში ე.წ. კახური სუფრის გაშლას ვაპირებთ, ასევე ღვინის დეგუსტაციას და ვფიქრობ, ტურისტებისთვის სასიამოვნო ატმოსფერო შევქმნით. როგორც გითხარით, ჩვენს სოფლებში სხვა მარნებიც არის, თუმცა ვცდილობთ პოტენციურ მომხმარებლებს სიახლე შევთავაზოთ, რომლის ფარგლებშიც გეგმაში ასევე,  ბუნებაში ტური გვაქვს.

ამჟამად, მხოლოდ 2 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ: საფერავი და რქაწითელი, რაც კახეთის ტრადიციული ღვინოებია. ღვინოს ტრადიციული მეთოდით ვამზადებთ - ქვევრში. სამომავლოდ, წარმოების გაზრდას არ გამოვრიცხავ. კერძოდ, შორეულ მიზანში წინანდლის, ქისის დამზადებაც გვინდა, დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას და მოთხოვნის შესაბამისად ვიმოქმედებთ. კისისხევში უნიკალური ადგილებია, შესაბამისად, ტურისტებს ჩვენგან განსხვავებული შეთავაზება ექნება. ჩემი აზრით, 70% უცხოელ მომხმარებლებზე ვიმუშავებთ, მცირე ნაწილი კი, 30% ადგილობრივ მოსახლეობაზე გავალთ", - აღნიშნავს ნინო გრძელიშვილი.

ცნობისთვის, მარანი "კისისხევი" კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ვენახის ფართობი კი, ჰექტარ ნახევარია.

ბიზნესპარტნიორი