გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარე "მარანი ველისციხურის" დამფუძნებლის, მაია არუთინოვის ინფორმაციით, ექსპორტის მიმართულებით სიახლე აქვს, კერძოდ, მომავალ წელს, "ველისციხურის" ღვინო იტალიის ბაზარზე იქნება წარმოდგენილი.
როგორც მარნის დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, იტალიელ პარტნიორებს განსაკუთრებით კახური ტრადიციული ქვევრის ღვინო მოსწონთ.
"ყურძენს მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი ვენახიდან ვიღებთ. წელიწადში დაახლოებით, 10 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ. სულ 8 სახის ღვინო გვაქვს: საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, ალადასტური და ქისი ევროპულად დამზადებული. განსაკუთრებული პოპულარობით არც ერთი მათგანი არ სარგებლობს, რადგან ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, ზოგს მშრალი, ქვევრის ღვინო მოსწონს, ზოგს ევროპული წესით დამზადებული - მომხმარებლის გემოვნებაზეა დამოკიდებული. წარმადობის გაზრდას, რაც შეეხება, თუ მოთხოვნა გაიზრდება, ცხადია, ადეკვატურად ვიმოქმედებთ. ზოგადად, ღვინოს ადგილზე ვიზიტორებზე ვყიდით, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი არ ვართ.
ექსპორტის მიმართულებაზე, რომ გესაუბროთ. საზღვარგარეთ ჯერჯერობით, არ გავდივართ, თუმცა იტალიიდან შემოთავაზება გვაქვს. პოტენციურმა პარტნიორებმა ჩვენგან 250 ბოთლი ღვინო უკვე წაიღეს და ძალიან კარგი გამოხმაურება გვქონდა. უკვე გაისად შეკვეთა გვექნება, თუ რამდენს დავამზადებთ და რა სახის ღვინოს წაიღებენ. ვფიქრობ, მომავალ წელს აღნიშნულ ბაზარზე გავალთ. იტალიელ პარტნიორებს უფრო კახური ტრადიციული, ქვევრის ღვინო მოსწონთ, როგორიცაა რქაწითელი, ქისი და საფერავი", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.
მაია არუთინოვმა ტურისტების ნაკადზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტორების რაოდენობა 50%-ით შემცირდა, რასაც ველისციხეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირებს.
"ტურისტული ნაკადი შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა განახევრებულია. უცხოეთიდან სტუმრები, როგორც პოსტ საბჭოური ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან მოდიან. სტუმრების ძირითადი რაოდენობა 80% უცხოელია, დანარჩენი მცირე ნაწილი 30% კი, ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. ტურისტების მრავალფეროვნება გვაქვს, ვიზიტორების რაოდენობას არ ვუჩივით, უბრალოდ, ახლა გზის პრობლემაა.
მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ღვინო გვაქვს - ჩვენთან ექსკურსიების ნაკადიც ხშირად მოდის, განსაკუთრებით ხშირად თბილისიდან გვსტუმრობენ. ბავშვები მარანს ნახულობენ, დროში 18 საუკუნეში მოგზაურობენ, ვაჩვენებთ, თუ როგორ იწურებოდა ღვინო, ჩურჩხელის ამოვლებაში მონაწილეობას იღებენ, ღვინის ჩანჩქერი გვაქვს, რასაც სხვაგან ვერსად ნახავთ და ა.შ. უნდა აღვნიშნო, რომ საერთო ვიზიტორების ჭრილში ექსკურსიების წილი 15%-ია", - აღნიშნავს მარნის დამფუძნებელი.
ცნობისთვის, "მარანი ველისციხური" გურჯაანის მუნიციპალიტეტ სოფელ ველისციხეში მდებარეობს, სადაც 8 სახის ღვინის წარმოება ხდება. ვენახი კი, 10 ჰექტარს მოიცავს.