აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სავაჭრო ომის ფონზე, შესაძლოა, ევროპა ინტერნეტის გარეშე დატოვოს, რადგან ევროკავშირი პრაქტიკულად მთლიანად არის დამოკიდებული ამერიკულ ღრუბლოვან სერვისებზე, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

„ღრუბლოვანი სერვისები ინტერნეტის სიცოცხლისუნარიანობის საფუძველს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს ყველაფრის გამართულად მუშაობას: ელექტრონული ფოსტიდან და სტრიმინგული ვიდეოდან დაწყებული, ინდუსტრიული მონაცემების დამუშავებით და მთავრობის კომუნიკაციით დასრულებული. სამი ამერიკული გიგანტი – Amazon-ი, Microsoft-ი და Google-ი – რეგიონული ბაზრის ორ მესამედზე მეტს იკავებენ, რაც ევროპის ინტერნეტში არსებობას იმ კომპანიებზე დამოკიდებულს ხდის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობენ, რათა მომავალი წესებისა და ჯარიმებისგან დაიცვან თავი“, – წერს გამოცემა.

როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ევროპაში, დიდი ხანია, გამოთქვამენ შიშს, რომ ღრუბლოვან სერვისებზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ ამერიკული სააგენტოები, ამერიკული კანონების წყალობით, შეძლებენ წვდომის მიღებას ევროპელების კონფიდენციალურ მონაცემებზე, რომლებიც აშშ-ის საკუთრებაში მყოფ სერვერებზე ინახება.

„ტრამპს მართლაც სძულს ევროპა. ის თვლის, რომ ევროკავშირის მიზანი მხოლოდ ამერიკის მოტყუებაა. მოსაზრება, რომ მან, შეიძლება, ინტერნეტის გამორთვის ბრძანება გასცეს ან რაიმე სხვა გააკეთოს ეკონომიკური ინტერესებისთვის სერიოზული ზიანის მისაყენებლად, უკვე არ არის იმდენად წარმოუდგენელი, როგორც ეს ნახევარი წლის წინ შეიძლებოდა, ყოფილიყო“, – მიიჩნევს ანალიტიკური ცენტრის, CERRE-ს ხელმძღვანელი ზაკ მაიერსი.

ამასთან, როგორც „პოლიტიკო“ წერს, ევროპის სწრაფვა, გათავისუფლდეს ამერიკული ტექნოლოგიური დომინირებისგან, არც მარტივი იქნება და არც იაფი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ინიციატივაა EuroStack-ი, რომლის ავტორიც არის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის ექსპერტების ჯგუფი. მას მხარს უჭერს ევროპული ინდუსტრია და ის მიზნად ისახავს ციფრული ინფრასტრუქტურის სფეროში ევროპის თვითკმარობის მიღწევას. ინიციატივის ღირებულება 300 მილიარდ ევროდ არის შეფასებული. რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, ასევე ევროპარლამენტში უკვე გამოხატეს მხარდაჭერა EuroStack-ის მიმართ. კერძოდ, ეს ინიციატივა გერმანიის მთავრობის კოალიციურ შეთანხმებაშიც მოხვდა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ამჟამად Amazon-ში, Microsoft-სა და Google-ში დარწმუნებული არიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ ევროპელი კლიენტების დამოუკიდებელი და უწყევტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ექსპერტები ეჭვობენ, რომ ამის გაკეთება ამერიკული ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ რთული იქნება.

1tv.ge