თბილისის „დინამო“ ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანი და ტრადიციული კლუბია, რაც ერთდროულად დიდ შესაძლებლობასა და მძიმე წნეხს ქმნის - მიუხედავად ყველაზე მაღალი სასპონსორო დაფინანსებისა ქვეყნის მასშტაბით, რესურსები მაინც არასაკმარისია ევროპულ კლუბებთან კონკურენციისთვის, - ამის შესახებ „დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა, ზაზა დოლიძემ “კომერსანტთან” ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ქართულ საკლუბო ფეხბურთს ჯამურად დაახლოებით იმდენივე დაფინანსება აქვს, რამდენიც ყაზახეთის ,,ქაირატს”, რომელიც  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2025-26  წლების სეზონში პირველად გავიდა.

„იმის გამო, რომ თბილისის დინამო ყველაზე ტრადიციული და ტიტულოსანი ქართული საფეხბურთო კლუბია, ერთი მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ მეორე მხრივ- უდიდესი წნეხია.

ხალხს ახსოვს, რომ „დინამომ“ მოიგო თასების მფლობელთა თასი და ყოველთვის ასე უნდა, რომ იყოს.

დღევანდელ ქართულ ფეხბურთში ყველაზე დიდი სასპონსორო დაფინანსება თბილისის „დინამოს“ აქვს, თუმცა ეს მაინც არ არის საკმარისი. კერძო კომპანიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ უნდა იყოს დიდი რეიტინგი და ამ რეიტინგის გვერდით დგომა შემდეგ უკვე მონეტარიზაციაში გადაიზრდება. ძალიან რთულია ისეთი თანხების მოძიება, რომლებიც ჩვენს კონკურენტ უცხოურ კლუბებს აქვთ.

სამწუხაროა, რომ ინდიკატორად და საზომად ჩვენს საზოგადოებას ევროტურნირებზე თამაში აქვს. მე მგონია, რომ ჩვენ უნდა გავმართოთ საკლუბო ფეხბურთი, გავაუმჯობესოთ გარემო, სწორად ვმართოთ რესურსი და ეს ევროტურნირებზე ასპარეზობა მხოლოდ დროის ამბავი იქნება.

ძალიან სასაცილოა ამას რომ ვამბობ, მაგრამ ჩვენი მთლიანი ქართული საკლუბო ფეხბურთის ბიუჯეტი არის ალმათის ,,ქაირათის“ ბიუჯეტი, რომელიც შევიდა ჯგუფში.

ჩვენი ინვესტიცია ზუსტად იმდენია, რამდენიც ერთ კლუბს აქვს ყაზახეთში“,- აღნიშნა დოლიძემ.