ბიზნესმენი, „ქართული ოცნების“ უმსხვილესი შემწირველი ნოშრევან ნამორაძე ვაკეში, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, 230 მეტრიან ცათამბჯენს აშენებს.
ბიზნესმენის კომპანია VR Holding-ის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის 49-ში, ყოფილი სპორტის უნივერსიტეტის ადგილას, პრემიუმ კლასის, თანამედროვე გეგმარების მქონე პროექტის VR Vake Skyview Tower-ის შენობა განთავსდება. კომპანიის ინფორმაციით, VR Vake Skyview საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა იქნება.
თუმცა, როგორც 19 მაისის მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, შპს ვი არ ვაკე თაუერსს საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელება დაეკისრა, მათ შორის:
-2029 წლის 31 დეკემბრამდე, ყოველწლიურად 3.32 მლნ ლარზე მეტის შეტანა სახელმწიფო ბიუჯეტში (ჯამში 16 592 942 ლარი);
-არაუგვიანეს 2029 წლის 30 დეკემბრისა ჭავჭავაძეზე 110 კვ.მ ფართობზე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებით ისეთი ნაგებობის მშენებლობას, რომელმაც საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო უსაფრთხოების დამცავი ნაგებობის (თავშესაფრის) ფუნქცია უნდა შეასრულოს.
-დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში 9400 კბ.მ საერთო ფართობის შენობის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ფრენბურთის, ძალოსნობის, ფიტნესის, კრივის, კალათბურთის და სხვა დარბაზებს.
-არანაკლებ 500 კვ.მ-ზე მინი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას.
-არანაკლებ 1200 კვ.მ. ფართობზე სამბოს დარბაზის მშენებლობა.
ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე ტერიტორია შპს ვი არ ვაკე თაუერსმა 2022 წელს იყიდა. კომპანია 2022 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძეა.