ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გაზსადენის დასრულებას, რომელიც თურქმენეთს ევროპასთან აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით დააკავშირებს.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სენატორ სტივ დეინსის კითხვის საპასუხოდ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

სენატორმა იკითხა, თუ როგორ აფასებს ვაშინგტონი ტრანსკასპიური გაზსადენის განხორციელების პერსპექტივებს, იმ გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, რომელშიც თურქმენეთი რუსეთით, ჩინეთითა და ირანით არის გარშემორტყმული.

რუბიომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ პროექტს, განსაკუთრებით გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით. მისი თქმით, უცხოური დახმარების მოცულობის შემცირების მიუხედავად, ასეთი ინიციატივების დაფინანსება გრძელდება, მათ შორის საელჩოებისა და რეგიონული ოფისების მეშვეობით.