საქართველოში სიმინდის მიმართ იმპორტდამოკიდებულება იზრდება. ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პროდუქტის წარმოების კლება დიდწილად მაღალ ემიგრაციას უკავშირდება. სპეციალისტები მენტალურ პრობლემაზეც ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ შრომის მიმართ დამიკიდებულება იცვლება და ხალხი მზა პროდუქციას მიეჩვია. შესაბამისად, ურჩევნათ იმპორტული ნაწარმი შეიძინონ და ნაკლები შრომა გაწიონ. ამასობაში გლობალურ ბაზრებზე სიმინდი ძვირდება და გავლენას ადგილობრივ ბაზრებზეც ახდენს.
როგროც ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა. შარშანდელთან შედარებით წელს იმპორტი გაძვირდა. კერძოდ, ,,საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს სიმინდის იმპორტი 3-ჯერ გაუძვირდა, ხოლო მოცულობა 5.5-ჯერ შემცირდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში შემოვიდა 6 222 ტონა (5.868 მლნ დოლარის ღირებულების) სიმინდი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 34 332 ტონა (10.856 მლნ დოლარის).
აღნიშნული მონაცემებიდან გამოდის, რომ წელს საქართველოში სიმინდის იმპორტი თითქმის 82%-ით შემცირდა, ფასი კი 3-ჯერ გაიზარდა. თუ გასულ წელს ერთი კილოგრამის იმპორტი (გადასახადების გარეშე) 0.31 დოლარი ჯდებოდა, 2025 წლის იანვარ-ივნისში იმპორტირებული სიმინდის ღირებულება საშუალოდ 0.94 დოლარი იყო.
რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, წელს ყველაზე დიდი რაოდენობით სიმინდი რუსეთიდან შემოვიდა - 4 865 ტონა (1.296 მლნ დოლარის), მეორე ადგილზე კი თურქეთია - 838 ტონით (2.719 მლნ დოლარი.
სიმინდის იმპორტიორი ქვეყნები საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში: რუსეთი - 4 865 ტონა (1.296 მლნ დოლარი), თურქეთი - 838 ტონა (2.719 მლნ დოლარი), საფრანგეთი - 132.2 ტონა (656 ათასი დოლარი), შვეიცარია - 53.1 ტონა (321.2 ათასი დოლარი), რუმინეთი - 38.4 ტონა (210 ათასი დოლარი). ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს საქართველომ მცირე რაოდენობით სიმინდი იყიდა უნგრეთში, აშშ-ში, გერმანიაში და ა.შ.
სიმინდის ფასი წლიდან წლამდე მატულობს. სპეციალისტები მიზეზად სიმინდის მოსავლიანობის კლებას ასახელებენ. მათივე განცხადებით, ფასზე გავლენას გლობალური ტენდენციაც ახდენს.
ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ მესხიშვილი ,,რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით არნიშნავს, რომ იმპორტის ზრდა, ფასების გაძვირებას გამოიწვევს, რასაც ხელს მსოფლიოში განვითარებული არასტაბილური მდგომარეობაც უწყობს.
,,რასაკვირველია, იმპორტის ზრდა ფასების გაძვირებას გამოიწვევს. საქართველოში, კვების პროდუქტების თითქმის 80%-ი სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოდის. ამას თან ერთვის მსოფლიოში არსებული გლობალური მდგომარეობა, რამაც ზოგადად პროდუქტების გაძვირება გამოიწვია. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ დასავლეთ საქართველოში სიმინდი ძველებურად აღარ ითესება. შემცირდა ფართობები. მოსახლეობას მოსავალი არ მოჰყვს იმ რაოდენობით, რაც ადრე მოჰყავდა. ამას თან ერთვის გლობალური პრობლემაც. ყველა სახელმწიფოს თავისი გასაჭირი აქვს.
ეს ყველაფერი მთლიანობაში ცხადია, გაძვირებას განაპირობებს. დღეს ვხედავთ, რომ ევროპის სახელმწიფოებშიც ხდება პროდუქტების გაძვირება და იქაც გარკვეული პრობლემები იქმნება. გართულებულია საწვავის მიწოდების საკითხიც. შედეგად, რაც ადრე მუშავდებოდა ის ფართობები აღარ ითესება. თუ მსოფლიოში და საქართველოშიც სიტუაცია არ დარეგულირდა, კარგს არაფერს არ უნდა ველოდოთ. არსებული გაძვირების ტენდენცია კვლავ გაგრძელდება და მხოლოდ მარცვლეულზე არ შეჩერდება.
გამოსავალი მარცვლეულის მოყვანაშია. წლებია ვსაუბრობ, რომ საქართველოში მარცვლეული კულტურების სტრატეგია უნდა შემუშავდეს. თუმცა ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. სამწუხაროდ,
სათესი ფართობები როგროც მარცვლეულ კულტურებზე, ასევე ბოსტნეულზე ყოველწლიურად მცირდება. 1992 წლისთვის საქარტველოში 4488 სოფელი იყო მოქმედი. აქედან, 700 სოფელი მთლიანდ დაცარიელდა, 800 სოფელში მხოლოდ პენსიონრები დარჩნენ და ახალგაზრდობა გაიკრიფა. დასაქმება აღარ გვაქვს. სერიოზული პრობლემების წინაშეა სახელმწიფო. ამიტომაც, ვხედავტ, რომ ფასები ყველაფერზე იზრდება. თუ არ დამთავრდა დაძაბულობა და წესრიგი არ დამყარდა, მეტ გაძვირებას უნდა ველოდოთ. გამოსავალი ისააა, რომ შესაბამისმა უწყებებმა, როგორიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის სამინისტრო, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს მარცვლეული კულტურების მოყვანას, თესვას, მიღებას და ა.შ." - განაცხადა ანზორ მესხიშვილმა.
დასავლეთ საქართველოში ფერმერები ამბობენ, რომ სიმინდის მოსავალი შემცირებულია და ხალხს სიმინდი ახალი მოსავლის მიღებამდე არ ყოფნის, რაც უკვე ტენდენციად იქცა. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სიმინდის მოსავალი შემცირდა, მუშა ხელთან დაკავშირებული პრობლემაა. განსაკუთრებით სამეგრელოში, სადაც შრომისუნარიანი მოსახლეობა უმეტესწილად ემიგრაციაშია.
,,წლიდან წლამდე მცირდება ნათესი ფართობები, ვისაც შრომა შეეძლო, უმეტესობა სოფლიდან წასულია. ძირითადად ასაკოვანი ხალხია დარჩენილი ან ზარმაცები, რომლებსაც არ სურთ შრომა და ოჯახის წევრების გამოგზავნილ ფულს ან სოციალურ დახმარებებს სჯერდებიან. თუ რფამე კეთდება, მსხვილი ფერმერული მეურნეობებია, რომლებიც წარმოების ზრდით და ექსპორტით არიან დაინტერესებული. ესეც უფრო მეხილეობა-მეციტრუსეობაში, მარცლოვანი კულტურების მიმართ ნაკლები ინტერესია. მოსავალი არც შარშან გვეყო, წელსაც არ გვეყოფა, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ამას თან ერთვის მის მოყვანასთან დაკავშირებით არსებული ხარჯებიც. გლეხს 1 ჰა მიწის დამუშავება ძვირი უჯდება. ხვნა, თესვა, შეწამვლა, შხამქიმიკატებით უზრუნველყოფა და მუშა-ხელის აყვანა მათთვის დიდი ხარჯებთან ასოცირდება. ამიტომაც, ბევრი მათგანი მის მოყვანას წლიდან-წლამდე თავს არიდებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაახლოებით მოსახლეობის 30% -ი ელოდება სიმინდის მოსავლას", - განაცხადა გიზო გამისონიამ.